ბეგლარიშვილის ესტონური ორმაგი დუბლი - ყოფილ გუნდს გაუტანა და არ აღნიშნა
Aa
Aa

ბეგლარიშვილის ესტონური ორმაგი დუბლი - ყოფილ გუნდს გაუტანა და არ აღნიშნა

ზაქარია ბეგლარიშვილისთვის ესტონეთის ჩემპიონატი ფავორიტი პირველობაა და მეისტრლიგაში რომ თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, ეს ტურიდან ტურამდე დასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ 36 წლის ქართველი ნახევარმცველი სოლიდურ საფეხბურთო ასაკში იმყოფება, „ნომეს“ ნამდვილი ლიდერია და მიმდინარე სეზონში ერთგვარი ორმაგი დუბლის ავტორიც გახდა, რადგან მის ანგარიშზე უკვე 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

გათამაშების 28-ე ტურში „ნომემ“ საკუთარ სტადიონზე „ფლორას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. ზაქარია ყურადღების ცენტრში პირველად 33-ე წუთზე მოექცა, როდესაც თანაგუნდელთან კარგად გათამაშებულ კომბინაციას ლოგიკურად ასრულებდა, თუმცა მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა. პირველი ნახევრის დასრულებამდე წუთით ადრე ბეგლარიშვილმა თანაგუნდელს ასისტენტობა გაუწია, ხოლო 70-ე წუთზე მარცხენა ტერფის გარე ნაწილით ლამაზად აჭრა ბურთი და სტუმრები დაამწუხრა, მაგრამ გოლი არ აღნიშნა, რადგან „ფლორა“ მისი ყოფილი კლუბია, რომლის ღირსებასაც 2011-2018 წლებში იცავდა.

ცნობისათვის, როგორც უკვე მოგახსენეთ, ზაქარია ბეგლარიშვილის აქტივში 10 გოლთან ერთად, 10 საგოლე გადაცემაცაა. რაც შეეხება „ნომე იუნაიტედს“, 28 ტურში დაგროვებული 28 ქულით ეს გუნდი 10-გუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილზეა და ელიტაში გადათამაშების გარეშე ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. მომდევნო ტურში ზაქარია და მისი თანაგუნდელები „პაიდეს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე ინტერთან - რას ამბობს უდინეზეს მწვრთნელი
ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე ინტერთან - რას ამბობს უდინეზეს მწვრთნელი