„10-11 წელიწადში“ - ფერგის პასუხი იუნაიტედზე
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ისტორიაში საკმაოდ რთული პერიოდი უდგას და გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა იმ დროს მისტირის, როდესაც მათ საყვარელ კლუბს სერ ალექს ფერგიუსონი ამზადებდა და ნამდვილი ეპოქა შექმნა. მისი მუშაობის პირველი თვეებისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდში რუბენ ამორიმმა სიტუაცია შედარებით გამოასწორა, რის გამოც პორტუგალიელი სპეციალისტის წასვლა თითქოს დღის წესრიგში აღარ დგას, მაგრამ მაინც ძნელად სავარაუდოა, მისი მწვრთნელობის პერიოდში „ალისფერმა ეშმაკებმა“ ტიტულები მოიპოვონ. როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით შეკითხვა სერ ალექს ფერგიუსონს დაუსვეს, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„რუბენ ამორიმი კარგი ადამიანი და კარგი მწვრთნელია. როდესაც მე „იუნაიტედი“ ჩავიბარე, „ლივერპული“ დიდების ზენიტში იყო და ჩემპიონთა თასი სამჯერ, თუ ოთხჯერ ჰქონდა მოგებული. თუმცა, შიდა ჩემპიონატში წარმატება მოგვიანებით ძალიან გაუჭირდა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 30-წლიანი ლოდინი დასჭირდა. „მანიუ“ ახლა ანალოგიურ მდგომარეობაშია და არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერლიგა კიდევ 10-11 წელი ვერ მოიგოს, თუმცა სწორი სატრანსფერო პოლიტიკის ხარჯზე ყველაფრის გამოსწორება შეიძლება“.
ცნობისათვის, სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 1986-2013 წლებში ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 13-ჯერ პრემიერლიგა, 5-ჯერ ასოციაციის თასი, 4-ჯერ ლიგის თასი, ცხრაჯერ ქვეყნის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, თითოჯერ კი თასების მფლობელთა თასი, უეფას სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.