კვადრატში აყვანილი ჯოკოვიჩი - სინერის ახალი დახასიათება
2025 წელს გამართული სამი დიდი სლემიდან ორი მათგანი, ავსტრალიის ღია პირველობა და უიმბლდონი იანიკ სინერის გამარჯვებით დასრულდა. 23 წლის იტალიელი ჩოგბურთელის მხრიდან განსაკუთრებით დასაფასებელი იყო სამეფო ტურნირის მოგება, რადგან მას დოპინგ-სკანდალის გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა და მიუხედავად ამისა, ძველებურ დონეზე დაბრუნება მაინც მოახერხა.
იტალიელზე საკმაოდ დიდი წარმოდგენა აქვს ლეგენდარულ გერმანელ ჩოგბურთელს ბორის ბეკერს, რომელმაც კარლოს ალკარასთან ჩატარებულ ფინალზე უფრო მეტად, სინერი-ჯოკოვიჩის ნახევარფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა და იანიკმა მისგან საოცარი კომპლიმენტები მიიღო.
რას ამბობს ბეკერი
ამჟამად ჩოგბურთში ასეთი მოცემულობაა - თუ დიდი სლემის ტურნირის მოგება გინდა, კარლოს ალკარასი, ან იანიკ სინერი უნდა დაამარცხო, ან ორივე. ჯოკოვიჩი ამბობდა, რომ 25-ე დიდი სლემის ტიტულის მოსაგებად უიმბლდონი მისთვის საუკეთესო საშუალება იყო, თუმცა არაფერი გამოუვიდა. იცით რატომ? სინერი არის იგივე ნოლე, ოღონდ კვადრატში აყვანილი და 15 წლით ახალგაზრდა. საწყის ორ სეტში სერბი ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ იტალიელი გაცილებით მაგარი იყო.
ნოვაკი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ასეთ ასაკში თავისი იდეალური თამაში რომც აჩვენოს, საუკეთესო ფორმაში მყოფ ალკარასსა და სინერს მაინც ვერ აჯობებს. მის ადგილზე საკუთარ თავს ვკითხავდი, რამდენად ღირს კარიერის გაგრძელება, რადგან ასეთი კონკურენციის პირობებში დიდ სლემზე ტიტულის მოგება ძლიერ გაუჭირდება.
ცნობისათვის, ბორის ბეკერს კარიერის მანძილზე ავსტრალიის ღია პირველობა 2-ჯერ (1991, 1996), უიმბლდონი 3-ჯერ (1985, 1986, 1989), ხოლო ამერიკის ღია პირველობა მხოლოდ ერთხელ, 1989 წელს აქვს მოგებული.