„სერიოზული დისკომფორტი შემექმნა“ - მარეი ჯოკოვიჩთან მუშაობაზე
ენდი მარეისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის თანამშრომლობა დიდხანს არ გაგრძელდა, რის გამოც ჩოგბურთის ბევრ ქომაგს გული დასწყდებოდა, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან სერბმა შოტლანდიელი მწვრთნელად მაშინ აიყვანა, როდესაც კარიერის საუკეთესო წლები უკან ჰქონდა მოტოვებული და ტრავმებსაც იმაზე გაცილებით ხშირად იღებდა, ვიდრე ახლო წარსულში. რატომ არ იყო იოლი ნოლესთან მუშაობა და რა სირთულეებთან შეჭიდება დასჭირდა ამ ხნის განმავლობაში, მარეიმ ერთ-ერთ ტელევიზიაში სტუმრობისას ისაუბრა.
ენდი მარეი
ისეთი დონის სპორტსმენთან მუშაობა, როგორიც ნოვაკ ჯოკოვიჩია, მწვრთნელის როგორც სუსტ, ასევე ძლიერ მხარეებს ყოველთვის ზედაპირზე გამოიტანს. ჩოგბურთელების უმრავლესობა, რომლებიც კარიერის უკანასკნელ წლებს ითვლიან, შენგან ტექნიკური ხასიათის შენიშვნების მიცემას არ ითხოვენ, სერბი კი სრულიად განსხვავებულია, რამაც უდიდესი დისკომფორტი შემიქმნა.
როდესაც სამწვრთნელო საქმიანობას განვაახლებ, მხოლოდ ახალგაზრდა ბრიტანელი ჩოგბურთელების მომზადებას დავთანხმდები, რომლებიც კარიერის საწყის ეტაპზე იქნებიან. ჯოკოვიჩმა მასთან მუშაობა რომ შემომთავაზა, იმდენად დავიბენი, რომ მაშინვე ლუი კაიეს დავუკავშირდი და ვთხოვე ჩემთვის მწვრთნელობა ესწავლებინა.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიმდინარე წელს ჯერჯერობით დიდი სლემის ვერც ერთი ტურნირი ვერ მოიგო - მისი ბოლო შეჯიბრება უიმბლდონის გათამაშება გახლდათ, სადაც ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, იანიკ სინერთან სამ სეტში დამარცხდა.