Sky Sport: ნადალი ზვერევის სამწვრთნელო სტაფში?
საჩოგბურთო სამყაროში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. გამოცემა Sportskeeda იუწყება, რომ შესაძლოა რაფაელ ნადალი ალექსანდრ ზვერევის სამწვრთნელო სტაფში ვიხილოთ.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის გერმანელი ჩოგბურთელი მალიორკაზე იმყოფება და რაფაელ ნადალის აკადემიაში ტონი ნადალთან ერთად ვარჯიშობს.
ტონი ნადალი შესაძლოა ზვერევის ახალი მწვრთნელი გახდეს. ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, ხოლო თუ ეს ასე მოხდება, ლეგენდარული რაფაელ ნადალი მენტორის როლს მოირგებს. ინფორმაცია Sky Sport-იც ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ბევრისთვის მოულოდნელად ალექსანდრ ზვერევი უიმბლდონზე რინდერნეშის წინააღმდეგ 5 სეტში 6:7 7:6 3:6 7:6 4:6 დამარცხდა.
რაც შეეხება ნადალს, ლეგენდარულმა ესპანელმა კარიერის უკანასკნელი მატჩი 2024 წელს დევისის თასზე გამართა. ასევე გეტყვით, რომ მატადორი და ზვერევი კარიერაში ერთმანეთს 11-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ნადალმა 7-ჯერ მოიგო, ალექსანდრმა კი 4-ჯერ.