რომის ჩელენჯერი | ეკო გორგოძე წყვილთა თანრიგის ფინალშია
ეკო გორგოძე რომის ჩელენჯერის წყვილთა თანრგიში ფინალში გავიდა. ქართველი ჩოგბურთელი ლატვიელ დარია სემენისტაიასთან ერთად ასპარეზობს და ნახევარფინალში ანასტასია აბაინატოსა და ტატიანა პროზოროვას წყვილი დაამარცხა.
პირველი სეტი აბაინატოსა და პროზოროვას უპირატესობით დაიწყო და მათ პირველი ორი გეიმი მოიგეს, თუმცა ეკომ და დარიამ პარტია შემოატრიალეს. მათ ზედიზედ 6 გეიმი აიღეს და პირველ სეტში 6:2 იმარჯვეს.
მეორე პარტიაში წყვილებმა 2-2 ბრეიკი გაცვალეს. 3:3-ზე გორგოძემ და სემენისტაიამ მეტოქის ჩაწოდება აიღეს და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. თავიანთ მოწოდებაზე ისინი უშეცდომონი იყვნენ და ფინალის საგზური დაისაკუთრეს - 6:4.
გადამწყვეტ შეხვედრაში ქართულ-ლატვიური წყვილის მეტოქე ი ცენ ჩოსა და ი-ჰსუან ჩოს დუეტი იქნება. ფინალი 19 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით, 22:00-ზე დაიწყება.