„რონალდუ გუნდის შანსებს ანადგურებს, ბრუნომ ხმა უნდა ამოიღოს“ - talkSPORT-ის ჟურნალისტი
talkSPORT-ის ჟურნალისტმა, ანჯელინა კელიმ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა პორტუგალიის ნაკრებში თამაშზე უარი უნდა თქვას, თუ 41 წლის კრიშტიანუ რონალდუ სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
„ჩემს არაპოპულარულ აზრს გამოვთქვამ - საუბარი ბრუნო ფერნანდეშს შეეხება, რადგან ვგრძნობ, რომ მასზე საკმარისად ბევრს არ ვსაუბრობთ.
მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელებით ვართ მოცულები და, რა თქმა უნდა, ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რომელ ნაკრებებს აქვთ ტურნირში გამარჯვების რეალური შანსები. პორტუგალია მათ შორისაა, და მას მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი შესაძლებლობები სრულად არასდროს გამოუვლენია. ჩემი აზრით, მათი საუკეთესო შედეგი 1966 წელს იყო, როცა მესამე ადგილი დაიკავეს.
მაგრამ ეს მსოფლიოში მეხუთე ნაკრებია, მათ ნახევარდაცვაში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ. არიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ვიტინია, ბრუნო ფერნანდეში და ჟოაუ ნევეში არიან. ფერნანდეში 31 წლისაა და მას, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად უკეთესი შანსი აღარც ჰქონდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ფორმაშია ის ამ სეზონში.
მასზე ზედმეტად არ შევჩერდები, მაგრამ ვფიქრობ, თუ პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს და ის ტურნირზე თავს შესანიშნავად წარმოაჩენს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოსვლების გათვალისწინებით, შესაძლოა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტიც გახდეს.
სანამ თავს დამესხმებიან, არ ვამბობ, რომ ის „ოქროს ბურთს“ მოიგებს, მაგრამ პრეტენდენტი შეიძლება გახდეს. თუმცა მას შანსი არ ექნება, თუ პორტუგალია კრიშტიანუ რონალდუს პატივმოყვარეობის მხარდაჭერას გააგრძელებს. ასე რომ, ვფიქრობ, ბრუნო ფერნანდეშმა პორტუგალიის ნაკრებში თამაშზე უარი უნდა თქვას, თუ მარტინესი რონალდუს შემადგენლობაში დაყენებას გააგრძელებს.
რონალდუ არასაკმარისად კარგი იყო ბოლო ევროპის ჩემპიონატზე და, შესაძლოა, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზეც. ახლა 2026 წელია და ის ასე მარტივად არ ნებდება. ზოგჯერ უხერხულიც კი იყო, როცა ამხანაგურ მატჩებში პირისპირ გასვლებს ვერ იყენებდა, ბურთს არ აწვდიდა პარტნიორებს, რომლებიც საჯარიმოში უკეთეს პოზიციაზე იმყოფებოდნენ. გულწრფელად რომ ვთქვათ, მას არ ანაღვლებს. რობერტო მარტინესი კი, ჩემი აზრით, უბრალოდ შეეგუა იმ ფაქტს, რომ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელობა აუცილებლად რონალდუს არჩევას ნიშნავს.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ზედმეტადაა შეპყრობილი რონალდუთი და იმ ფულით, რაც მას მოაქვს. ვიღაცამ ამ აბსურდს ბოლო უნდა მოუღოს.
ბრუნო ფერნანდეში, პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე და ვარსკვლავი, რობერტო მარტინესთან უნდა მივიდეს და უთხრას, რომ რონალდუ სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გუნდს დატოვებს და სახლში წავა, რადგან რონალდუ საკუთარ თავსაც და გუნდის ყველა წევრსაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შანსს ართმევს და საკუთარ რეპუტაციასაც აზიანებს.
ნაკრები რონალდუსთვის ისევე მნიშვნელოვანი რომ იყოს, როგორც მისი თანაგუნდელებისთვის, ის დიდი ხნის წინ წავიდოდა. მაგრამ ის ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებს. მაშ, რატომ უნდა თქვან უარი თავიანთ შანსებზე ბრუნომ, ვიტინიამ ან ბერნარდუ სილვამ მხოლოდ იმისთვის, რომ მას ასიამოვნონ?“
- განაცხადა კელიმ.