სპორტინგს მალე შეთავაზებას გაუკეთებენ | ბოლო ინფორმაცია ქოჩორაშვილზე
პორტუგალიურ პრესაში გიორგი ქოჩორაშვილის მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ქართველ ფეხბურთელს „სპორტინგის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს და მას მსურველები ესპანეთის ლა ლიგიდან ჰყავს.
A Bola-მ დაადასტურა ცნობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ El Desmarque-მა გაავრცელა. ქოჩორაშვილი „სელტას“ რადარზე იმყოფება და ვიგოელები „ლომებისთვის“ შეთავაზების გაკეთებას სერიოზულად განიხილავენ. A Bola-ს მიხედვით, „სელტა“ „სპორტინგს“ უკვე დაუკავშირდა და მხარეებმა შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.
„ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა არის შანსი, ვითარება მომდევნო დღეებში შეიცვალოს. მაგიდაზე დევს ქოჩორაშვილის იჯარა, გამოსყიდვის პერსპექტივით“, — წერს ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა.
ცნობისთვის, „სელტამ“ ლა ლიგის 2025-26 წლების სეზონში 54 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილი დაიკავა. ვიგოელები მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებენ და ევროტურნირის წინ შემადგენლობის გაძლიერება სურთ.