18 000 დოლარის ღირებულების ნივთები | რა მოპარეს ინგლისის ნაკრებს
ჯექსონის ოლქის პროკურატურამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დამნაშავეები, რომლებმაც ინგლისის ნაკრების საწვრთნელი ინვენტარი მოიპარეს, დაკავებულნი არიან. მუსტაფა სალიკმა და ერფან კამალმა „სამი ლომის“ ავტომობილი გაქურდეს და 18 000 აშშ დოლარის ღირებულების ინვენტარი გაიტაცეს.
ჯექსონის ოლქის პროკურატურამ იმ ნივთების სრული სია გამოაქვეყნა, რომლებიც სალიკმა და კამალმა მოიპარეს:
ოთხი წყვილი ბუცი — ჯამში 1340.60 დოლარის ღირებულების;
ხუთი წყვილი ფეხსაცმელი — ჯამში 1139.50 დოლარის ღირებულების;
ნაკრების ხელმოწერილი წითელი მაისური — 5 000 დოლარის ღირებულების;
ნაკრების ხელმოწერილი ორი თეთრი მაისური — თითოეული 5 000 დოლარის ღირებულების;
მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი — 214.50 დოლარის ღირებულების;
მეკარის ერთი წყვილი ხელთათმანი — 160.87 დოლარის ღირებულების;
ოთხი ლურჯი ფერის მაისური — ღირებულება არ დაუსახელებიათ;
ოთხი ლურჯი ფერის შორტი — ღირებულება არ დაუსახელებიათ;
ოთხი ღია ლურჯი გრძელმკლავებიანი მაისური — ღირებულება არ დაუსახელებიათ;
ოთხი ღია ლურჯი მოკლემკლავებიანი მაისური — ღირებულება არ დაუსახელებიათ;
ფუმფულა სათამაშო, ლომის ფორმის;
მრავალფუნქციური დამაგრძელებლები — თითოეული 40 დოლარის ღირებულების;
JBL-ის ფირმის დინამიკი — 149.95 დოლარის ღირებულების;
Nike Air-ის ფეხსაცმლის ლეგო — 99.99 დოლარის ღირებულების.
ცნობისთვის, პროკურატურამ ნივთები ინგლისის ნაკრების ბაზაზე დააბრუნა, დაკავებულებს კი ერთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.