უიმბლდონს გამოტოვებს? - სინერს დამატებითი გამოკვლევები სჭირდება
მსოფლიო რეიტინგის ლიდერი იანიკ სინერი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად მილანის სან რაფაელეს კლინიკაში დამატებით სამედიცინო გამოკვლევებს გადის.
იტალიელი ჩოგბურთელი სამშაბათს კლინიკაში განმეორებით მივიდა, რათა ორშაბათს დაწყებული კომპლექსური კვლევები დაასრულოს. ექიმები ცდილობენ დაადგინონ, რამ გამოიწვია ფიზიკური კოლაფსი, რომელმაც სინერი როლან გაროსს მოულოდნელად გამოთიშა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა საფრანგეთის ღია პირველობა მეორე წრეში დაასრულა. სინერი ხუან მანუელ ცერენდულოსთან დამარცხდა. იანიკი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მესამე სეტის მიმდინარეობისას მისი ფიზიკური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, რამაც თამაშში ხელი შეუშალა.
„ეს სიცხის ბრალი არ იყო. უბრალოდ, უეცრად ენერგია სრულად გამომელია,“ — აღნიშნა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა.
ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი ჩოგბურთელი ბალახის ყველა ტურნირზე გამოტოვებს და არის შანსი, რომ უიმბლდონზეც ვერ ითამაშოს.
იტალიური მედია გვამცნობს, რომ სინერს 28 მაისის შემდეგ არცერთი ვარჯიში არ ჩაუტარებია.
ჯერჯერობით უცნობია გამოტოვებს, თუ არა ის უიმბლდონს, თუმცა ერთი რამ ცნობილია - იანიკ სინერი ბალახის სეზონზე, უიმბლდონამდე ვერცერთ ტურნირზე ვერ ითამაშებს.