„პსჟ კიდევ არაერთ ტიტულს მოიგებს“ - მარკო ვერატი
პარი სენ-ჟერმენის ყოფილმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, რომელიც ამჟამად კატარში, „ალ-დუჰაილში“ თამაშობს, Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში პარიზელების ტრიუფმალურ სეზონზე და სხვა თემებზე ისაუბრა.
მარკო ვერატი:
„პსჟ-ში ნამდვილ ვარსკვლავებთან ვთამაშობდი. მახსოვს, ერთხელ ნეიმარმა მითხრა, რომ საღამოს ლეო მესისთან ერთად ვივახშმებდით. პარედესი და დი მარიაც შემოგვიერთდნენ და შესანიშნავი დრო გავატარეთ - მაშინ შევთავაზეთ ლეოს, პარიზში გადმოსულიყო. მეორე დღეს ნეიმარმა მითხრა, რომ ლეო პსჟ-ში ითამაშებდა. ეს ნამდვილად საოცარი საღამო გამოდგა.
ნეიმარი ნამდვილი „ოქროს ბიჭუნაა“, ის ძალიან კეთილშობილი ადამიანია და თავისი ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებს. მბაპე ნამდვილი ჩემპიონია, წარმატების მიღწევა სწყურია და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოიგებს „ოქროს ბურთს“. ასევე მინდა გამოვყო ტიაგო მოტა? მასზე ამბობენ, რომ მოედანზე განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა, მაგრამ მერწმუნეთ, ის ყველაფერს სხვებზე ადრე ხედავდა.
პსჟ-მა წარმატებას ვარსკვლავების გარეშე მიაღწია? ვერ დაგეთანხმებით, ეს ასე არაა. ლუის ენრიკეს ჰყავს ვარსკვლავები, მაგრამ წარმატების საიდუმლო გუნდურ სულისკვეთებაშია. ენრიკე შესანიშნავი მწვრთნელია. ეს გუნდი მომდევნო წლებში კიდევ არაერთ ტიტულს მოიგებს“.
ცნობისთვის, მარკო ვერატი პსჟ-ის ღირსებას 2012-2023 წლებში იცავდა და კლუბთან ერთად 9-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი, 6-6-ჯერ საფრანგეთის თასი და ლიგის თასი და 9-ჯერ საფრანგეთის სუპერთასი მოიგო.