„ქართული ტანკი, რომელიც ნახევარდაცვის სამართავად მოვიდა“ - სტატია ქოჩორაზე
პორტუგალიური გამოცემა Bola Na Rede ლისაბონის „სპორტინგის“ ქართველი ახალწვეულის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს. სტატიაში სათაურით „ქართული ტანკი, რომელმაც სპორტინგის ნახევარდაცვა უნდა მართოს“, აღნიშნულია, რომ რუი ბორჟესის სათამაშო სქემაში ქოჩორაშვილმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.
რას წერს გამოცემა:
„სათამაშო სქემა 4-2-3-1, რომლის დანერგვაც „სპორტინგში“ რუი ბორჟესს ახალ სეზონში სურს, მოედანზე ორი საყრდენი ნახევარმცველის ყოლას ითვალისწინებს. ამ მხრივ, ქოჩორაშვილის ტრანსფერი უბრალო დამთხვევა არაა. ეს არის გააზრებული გადაწყვეტილება, რომლის შედეგიც უკვე ძალიან მალე შეიძლება ვიხილოთ.
„სპორტინგს“ საყრდენ ზონაში ბალანსის პოვნა დასჭირდება. კლასიკურ საყრდენთან ერთად, რომლის როლსაც მორტენ ჰიულმანდი ასრულებს, გუნდს სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ბურთის წინ წაწევა, პრესინგი და ხაზებს შორის ბურთის მიღება შეუძლია - ამ როლს ქოჩორაშვილი იდეალურად ერგება.
ის კომფორტულად გრძნობს თავს, როცა ცენტრალური მცველების სიახლოვეს იღებს ბურთს; შეუძლია ვერტიკალურად თამაში, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და მეტოქის საჯარიმოში შესვლა. ამის გათვალისწინებით ქოჩორაშვილი მომავალ სეზონში „სპორტინგისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.
ქოჩორაშვილი თანამედროვე ნახევარმცველია, მშრომელი და გონიერი, რომელსაც გადამწყვეტ მომენტებში თანაგუნდელების ერთ მუშტად შეკვრა შეუძლია. ის უნდა გახდეს დამაკავშირებელი რგოლი დაცვასა და შეტევას შორის, რაც სპორტინგს ზედიზედ მესამე ჩემპიონობის მოსაგებად დასჭირდება.
თუ ქოჩორაშვილი „ლომების“ რიგებში მოლოდინებს ისევე გაამართლებს, როგორც ამას უდიდეს საერთაშორისო ასპარეზზე აკეთებდა, ის ძალიან მალე მოიგებს გულშემატკივრების გულებს და აქტუალურს გახდის შემდეგ კითხვას - როგორ შეძლო სპორტინგმა ამ ფასად ასეთი ფეხბურთელის ყიდვა?“
ცნობისთვის, „ქოჩორაშვილი“ სპორტინგს მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. „ლომებმა“ მის სანაცვლოდ „ლევანტეს“ 5,5 მილიონი ევრო გადაუხადეს.
აქვე გეტყვით, რომ დღეს „სპორტინგი“ სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს. ქოჩორაშვილის გუნდი პორტუგალიის სუპერთასის ფინალში „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.