მამუკელაშვილის 15 ქულა და +22 | ტორონტომ მილუოკი გაანადგურა
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „მილუოკი ბაქსის“ სამმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. კანადელები „მილუოკის“ სტუმრად ეთამაშნენ და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს — 122:94.
ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 22 წუთი და 44 წამი გაატარა. მამუკელაშვილმა აქტივში 15 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. სანდრომ 8-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 ორქულიანი გამოიყენა; ამასთან, 1 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა და მხოლოდ 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილის პარკეტზე ყოფნისას „ტორონტომ“ „მილუოკიზე“ 22-ით მეტი ქულა ჩააგდო. „რეპტორსის“ რიგებში ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ჯამალ შიდს ჰქონდა (+26). რაც შეეხება უშუალოდ ქულებს, სანდროზე მეტი მხოლოდ ბრენდონ ინგრემმა (22) და იმანუელ ქუიკლიმ (32) დააგროვეს.
ცნობისთვის, „ტორონტოს“ 34 მოგება და 23 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. „რეპტორსი“ მომდევნო შეხვედრას მოქმედი ჩემპიონის, „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ, 25 თებერვალს საშინაო არენაზე გამართავს.