„ძალიან მაინტერესებს, მაგრამ არა მგონია შედგეს“ - იან გარი თოფურია-მახაჩევის ჩხუბზე
UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონში ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქე ძალიან დიდი ალბათობით იან მაჩადო გარი იქნება, რომელიც საჭიდაო უნარების შესასწავლად რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში, კერძოდ კი ქალაქ გორში იყო ჩამოსული. სტრაიკინგში უფრო მეტად განვითარებულ ირლანდიელს გრეპლინგის ისეთ ოსტატთან გასამკლავებლად, როგორიც ისლამია, ჭიდაობის კომპონენტების დახვეწა ნამდვილად გამოადგება და სწორედ ამით იყო ნაკარნახები მისი ვიზიტი. გარის ვრცელი და ექსკლუზიური ინტერვიუ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ გავიდა, სადაც ტიტულის ერთ-ერთმა პრეტედენტმა ყველა თემაზე ამომწურავად ისაუბრა.
იან გარი
რატომ ჩამოვედი საქართველოში? საბრძოლო და საჭიდაო თვალსაზრისით ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა, რაზეც ოლიმპიურ თამაშებსა და UFC-ში დაფიქსირებული შედეგებიც კარგად მეტყველებს. ახლა მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოვედი, სამომავლოდ კი უფრო გრძელვადიან ვიზიტს ვგეგმავ, რათა მახაჩევთან ბრძოლისთვის მოვემზადო. თუ მინდა საუკეთესო გავხდე, ამისკენ გზა სწორედ ისლამის დამარცხებაზე გადის, რაშიც ქართული საჭიდაო სკოლა ძალიან დამეხმარება.
ისლამ მახაჩევი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ მე მასთან გამარჯვება შემიძლია. დაღესტნელი ბრძოლიდან ბრძოლამდე უფრო კარგი ხდება და პარტერში უზომოდ ძლიერია. ამიტომ მუდმივად მოძრაობაში უნდა ვიყო და როდესაც შანსი მომეცემა უძლიერესი დარტყმა მივაყენო, სხვანაირად ვერაფერს გავხდები.
მიყვარს კონორი და მიყვარს ხაბიბი - მათი მეტოქეობა ისტორიაში უდიდესია. ახლა გულშემატკივარი ხაბიბში - ისლამს, მაკგრეგორში კი მე მხედავს. იქნება თუ არა ჩემი გამარჯვება რევანში კონორისთვის? არა, რადგან ვიღაცის ისტორია და ვიღაცის წყენა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ჩემი და მახაჩევის ჩხუბში ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის ტიტულზეც, არის ის, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისლამი UFC-ის ისტორიაში მოგებათა ყველაზე გრძელი სერიის ავტორი გახდება, მე კი არ მინდა მას ამის საშუალება მივცე.
თოფურია-მახაჩევი UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება, მაგრამ ორგანიზაციის შეფები ილიას წონის შეცვლის უფლებას არ მისცემენ და არც ისლამი დაბრუნდება მსუბუქ დივიზიონში. მათი დაპირისპირების ხილვა ძალიან მინდა, მაგრამ არა მგონია შედგეს.
ცნობისათვის, იან მაჩადო გარი ბოლოს ოქტაგონში 2025 წლის შემოდგომაზე შევიდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ბელალ მუჰამადი დაამარცხა. ისლამ მახაჩევმა კი, ასევე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯეკ დელა მადალენას აჯობა.