სპორტინგი ქოჩორაშვილის გასაშვებად მზადაა | მინიმუმ 5.5 მილიონი ევრო სურთ
პორტუგალიურ მედიაში გიორგი ქოჩორაშვილის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო ცნობები გავრცელდა. გამოცემა Leonino-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, „სპორტინგი“ ქართველი ნახევარმცველის გასაშვებად მზადაა და ფეხბურთელის სატრანსფერო ფასიც დაადგინა.
„ჩვენი ინფორმაციით, სპორტინგის ხელმძღვანელობა 5.5 მილიონ ევროზე ნაკლებ შეთავაზებას კატეგორიულად არ განიხილავს. კლუბი მზადაა, მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაინტერესებული მხარეების წინადადებები მოისმინოს.
სპორტინგს ქოჩორაშვილის ტრანსფერი სწორედ 5.5 მილიონი ევრო დაუჯდა და „ლომებს“ სურთ, აღნიშნული ინვესტიცია სრულად დაიბრუნონ. მათი მიზანია, ყოველგვარი ფინანსური ზარალი თავიდან აიცილონ“, — წერს პორტუგალიური გამოცემა.
ცნობისთვის, ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ ბოლო რამდენიმე შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. A Bola-ს ცნობით, გიორგიმ დაზიანება ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მიიღო და სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. ქართველმა ფეხბურთელმა კონდიციები უკვე აღიდგინა და გუნდს მიმდინარე კვირაში დაუბრუნდება. „სპორტინგს“ მომდევნო მატჩი „ეშტორილის“ წინააღმდეგ 28 თებერვალს ელის და, სავარაუდოდ, გიორგი განაცხადში იქნება.