„მთავარი მწვრთნელი გამარჯობასაც არ მეუბნება“ | საზონოვი ულტრასებს ესაუბრა
საბა საზონოვის „ტორინოს“ რთული პერიოდი უდგას. „გრანატამ“ ბოლო 10 შეხვედრიდან 7 წააგო, სერია A-ს 26-ე ტურში კი „ჯენოასთან“ 0:3 დამარცხდა. გუნდის სათამაშო ფორმით უკმაყოფილო ულტრასები კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მივიდნენ.
Toronews-ის ინფორმაციით, ქომაგებს ქართველი მცველი შეხვდა. საზონოვმა მათთან გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელი, მარკო ბარონი, მას აღარც კი ესალმება:
„ტორინოში არავის ვჭირდები. მთავარი მწვრთნელი, მარკო ბარონი გამარჯობასაც კი არ მეუბნება. მზად ვარ, გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ აქ ჩემი ყოფნა არავის უნდა. ბუონჯორნოსა და როდრიგესის დროს სერია A-ში საუკეთესო დაცვა გვყავდა და სათადარიგოთა სკამიდან ვთამაშობდი. ახლა ჩემპიონატში ყველაზე ცუდი დაცვა გვყავს და შემადგენლობაში მაინც არ ვარ.
ტრავმა ბოლომდე მოვირჩინე და თამაში შემიძლია. როდესაც ჯანლუკა პეტრაკი სპორტულ დირექტორად დაინიშნა (2025 წლის დეკემბერში), ვისადილეთ და პირდაპირ მითხრა, რომ გუნდის ნაწილი აღარ ვარ“, — აღნიშნა საზონოვმა.
???? Giocatori vs ultras al Filadelfia, #Sazonov senza filtri: "#Baroni neanche mi saluta"
— Toro News (@Toro_News) February 22, 2026
???? Nervi tesi in casa Toro: risultato negativo, alcuni tifosi si sono recati al Filadelfia. Tutti i dettagli#ToroNews #TorinoFC #Torino
???? Gli aggiornamenti https://t.co/nWUIgA4zKi
„ტორინოს“ ულტრასებმა საბას სთხოვეს, სხვა ფეხბურთელებსაც დაკავშირებოდა. ქართველი მცველის დახმარებით, გულშემატკივრები კასადეისა და საპატასაც გაესაუბრნენ. შეგახსენებთ, რომ „ტორინოს“ 27 ქულა აქვს და გასავარდნ ზონამდე მხოლოდ 6 ქულა აშორებს. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში „გრანატას“ მაისურით ერთი წუთიც კი არ აქვს ნათამაშები.