გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ვილიარეალმა ვალენსიას დიდ ბრძოლაში მოუგო - მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა

ლა ლიგის 25-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ვალენსიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველ შემტევს გოლის გატანის ორი მცდელობა ჰქონდა. პირველი ტაიმის მიწურულს, მიქაუტაძემ მეტოქის კარისკენ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, თუმცა კარს მცირედით ააცილა და ეფექტური გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა. მეორე შანსი კი შეხვედრის მიწურულს მიიღო, და ამჯერადაც, მიზნის მიღწევამდე მცირედი დააკლდა. ამასთან, 23-ე წუთზე მეტოქეზე იდაყვის ჩარტყმის გამო ქართველმა შემტევმა ყვითელი ბარათიც მიიღო.

მიქაუტაძის დეტალური სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 24 შეხება, 13-დან 8 ზუსტი პასი, 1 წარმატებული დრიბლინგი, ორი დარტყმა - ორივე არაზუსტი, 1 რეალური შანსი, 2 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ს შეფასება - 6.2.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში 27-ე წუთზე „ვალენსიამ“ რამაზანის მიერ ზუსტადშესრულებული პენალტით გახსნა. 31-ე წუთზე „ვილიარეალმა“ წონასწორობა კომესანიას გოლით აღადგინა, პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე კი პაპი გეიემ „ვალენსიის“ კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, რაც საბოლოოდ, გამარჯვების გოლიც აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონში, გიორგი მიქაუტაძისთვის ეს მატჩი ლა ლიგაში მე-20 იყო, მის ანგარიშზე კი 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ქართველმა თავდამსხმელმა 1 გოლით თავი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა და ასევე 1 გოლი გაიტანა ესპანეთის თასზე.

25 ტურის შემდეგ, „ვილიარეალმა“ 51 ქულა დააგროვა და კვლავ მესამე ადგილზე იმყოფება. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს, სტუმრად, „ბარსელონასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რასინგი ცხრილში გალიდერდა - გულიაშვილი სასტარტოში იყო
რასინგი ცხრილში გალიდერდა - გულიაშვილი სასტარტოში იყო