„კალიარი არჩევანის წინაშეა“ - იტალიური მედია გოგლიჩიძეზე წერს
„კალიარი“ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. იტალიური გამოცემა L'Unione Sarda-ს ცნობით, სარდინიულ კლუბს „ემპოლის“ ქართველი მცველის გადაბირება სურს, თუმცა ტოსკანელების ფინანსურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
ამის გამო „კალიარიმ“ ალტერნატივების ძებნა დაიწყო და ორი სათადარიგო ვარიანტი შეარჩია - „ზალცბურგის“ 25 წლის მცველი კამილ პიატკოვსკი და „ფროზინონეს“ 23 წლის მცველი ილარიო მონტერისი.
რას წერს გამოცემა:
„ემპოლი“ ცნობილია თავისი სატრანსფერო პოლიტიკით, რომელიც ახალგაზრდა ტალანტების მოძიებასა და მათი გაყიდვით შემოსავლების მიღებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, მათ გოგლიჩიძის პოტენციალი იციან და „კალიარისთან“ მოლაპარაკებებში დათმობაზე წასვლა არ სურთ. თავის მხრივ, სარდინიული კლუბი ახლა არჩევანის წინაშეა: დათანხმდეს „ემპოლის“ მოთხოვნებს, თუ სხვა ცენტრალური მცველის შეძენა სცადოს“.
მანამდე იტალიური მედია წერდა, რომ „ემპოლი“ საბას სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს ითხოვს.
ცნობისთვის, გოგლიჩიძეს „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველი მცველი ტოსკანურ კლუბს 2024 წლის იანვარში შეუერთდა და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება სწორედ 8 მილიონი ევროა.