საბურავი გაუსკდა | ქოჩორაშვილის სპორტინგის ავტობუსი გზირ პირას გაჩერდა
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს“ პორტუგალიის სუპერ თასის დასაკუთრების შანსი აქვს. 31 ივლისს, ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ბენფიკას“ დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება.
რამდენიმე საათის წინ „სპორტინგი“ ქალაქ ალბუფეირაში გაემგზავრა, რათა Herdade dos Salgados-ის სასტუმროში დაბინავდეს და შეხვედრის წინ ღამე მშვიდ გარემოში გაატაროს. „ლომებს“ წინ 137 კილომეტრიანი გზა ელოდათ და კლუბის ხელმძღვანელობამ გადაადგილებისთვის ავტობუსი გამოიყენა. თუმცა, გზაში მოულოდნელი პრობლემები წარმოიშვა და გუნდი არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა.
ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემის, Record-ის ინფორმაციით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა და გაჩერება მოუწია. ინციდენტის ამსახველი კადრები უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელებში — ვიდეოებში ჩანს, როგორ ჩამოდის რამდენიმე ფეხბურთელი ტრანსპორტიდან, რათა გაიგონ, რა მოხდა.
Record-ის ცნობით, ადგილზე „სპორტინგის“ ახალი ავტობუსი მივიდა, რომელმაც ფეხბურთელები სასტუმროში ერთი საათის დაგვიანებით მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ პრობლემების მქონე ავტობუსს საბურავს უცვლიდნენ, მაგრამ კლუბმა გადაწყვიტა, ფეხბურთელებს გზა სხვა ტრანსპორტით გაეგრძელებინათ.