გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„ქართველი ტანკი“ | პორტუგალიურმა გამოცემამ ქოჩორაშვილს სტატია მიუძღვნა

პორტუგალიურმა გამოცემამ, Bolanarede-მ „სპორტინგის“ ახალწვეულს, გიორგი ქოჩორაშვილს, საინტერესო სტატია მიუძღვნა. ავტორმა „ქოჩოს“ „ქართველი ტანკი“ უწოდა და მის საფეხბურთო პროფილზე ისაუბრა.

გიორგი ქოჩორაშვილი - ქართველი ტანკი, რომელიც სპორტინგში გუნდის ბირთვის გასაძღოლად გადმოვიდა

„26 წლის გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგს შეუერთდა ამბიციებითა და საფეხბურთო პროფილით, რომლის 5.5 მილიონ ევროდ პოვნა (2 მილიონი ბონუსები) ძალიან ძნელია. 2017 წელს, საბურთალოს აღზრდილი ნახევარმცველი ესპანეთში წავიდა და რამდენიმე კლუბის მაისური მოირგო. ბოლოს იგი ლევანტეს რიგებში ასპარეზობდა და ლა ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. 35 შეხვედრაში მან 6 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და თამაშში საშუალოდ 52 პასს აკეთებდა 89.5-პროცენტიანი სიზუსტით.

ქოჩორაშვილმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე ითამაშა და „კაპიტანმა ამერიკამ“ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. იგი გამოირჩევა ინტენსიურობით, უნივერსალურობითა და გუნდის თამაშზე გავლენის მოხდენის უნარით. მას შეუძლია ექვსიანის ან რვიანის პოზიცია ითამაშოს და ეფექტურია როგორც ბურთის დაბრუნების მხრივ, ისე მეტოქის საჯარიმოში ჩასვლითა და თამაშით.

სპორტინგის მთავარი მწვრთნელი, რუი ბორჟესი, გუნდში 4-2-3-1 სათამაშო სქემის დანერგვასა და ორი საყრდენი/დამაკავშირებელი ნახევარმცველის გამოყენებას აპირებს. გამომდინარე აქედან, ქოჩორაშვილის ტრანსფერი შემთხვევითობა არაა — ეს არის წინასწარ გათვლილი გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდზე გავლენა მალევე ექნება.

ორი საყრდენით ასპარეზობის შემთხვევაში სპორტინგს ბალანსი სჭირდება. შედარებით პოზიციურმა ნახევარმცველმა, ჰიულმანდმა, უნდა ითამაშოს ისეთი ნახევარმცველის გვერდით, რომელსაც ბურთის წაღება, მაღალი პრესინგი და მეტოქის ხაზებს შორის არსებული სივრცეების ათვისება შეუძლია — ეს კი ქოჩორაშვილისთვის იდეალური როლია. იქნება გიორგი მორიტას იდეალური ალტერნატივა? ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ხაზებს შორის ბურთის მიღება, ვერტიკალური პასები, გარდატეხის შეტანის უნარი და მეტოქის საჯარიმოში ჩასვლები გიორგის მომდევნო სეზონში სპორტინგისთვის საკვანძო ფეხბურთელად აქცევს.

ქოჩორაშვილი ლომების რიგებში გადმოდის, რათა საკუთარი იდენტობა დაამტკიცოს. ქართველი ფეხბურთელი 2025/26 წლების სპორტინგს იდეალურად ერგება. მას აქვს გამძლეობა, რათა გუნდის წინამძღოლი გახდეს, აქვს შემართება, რომ ყველა ბურთისთვის იბრძოლოს და აქვს საჭირო ინტელექტი, რომ მნიშვნელოვან ეპიზოდებში კრიტიკული გადაწყვეტილებები მიიღოს.

ქოჩორაშვილი თანამედროვე ნახევარმცველია, რომლის ბაზაც ძალისხმევა, მუშაობა და საფეხბურთო ინტელექტია. ის არის ფეხბურთელი, რომლის მოქმედებებიც მატჩის საუკეთესო მომენტების ვიდეოში იშვიათად ხვდება, მაგრამ გუნდს ერთ მუშტად კრავს და შეუძლია, ლიდერი გახდეს. გიორგი შესაძლოა ის მოთამაშეა, რომელიც აკლია გუნდს, რომელსაც დიდი ოცნებები და ტიტულის მოგების მისწრაფებები აქვს. თუ მან გაცემული ავანსები გაამართლა, ბევრი ქომაგის გულს მოიგებს და გაგვიჩნდება შეკითხვა — რატომ დაჯდა მისი ტრანსფერი ასეთი იაფი?“ — წერს პორტუგალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს, გიორგის პირველი ტიტულის მოგების შანსი ექნება. სუპერ თასის შეხვედრაში მისი „სპორტინგი“ „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე სეივი ჰქონდა“ | როგორ გამოეხმაურა მერსისაიდული პრესა მამარდას თამაშს
„ბრწყინვალე სეივი ჰქონდა“ | როგორ გამოეხმაურა მერსისაიდული პრესა მამარდას თამაშს