„50 წლის ჰენდერსონს ეჩხუბა“ | ბისპინგი ილიაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, მაიკლ ბისპინგი, კრიტიკის ობიექტი გახდა. ამის მიზეზი ილია თოფურიაზე გაკეთებული განცხადებაა. ინგლისელმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ „ელ მატადორმა“ საჩემპიონო ქამრის მთავარ პრეტენდენტთან ჩხუბს თავი არ უნდა აარიდოს და არმან ცარუკიანს დაუპირისპირდეს.
ბისპინგს გაახსენეს, თავად რა გააკეთა, როდესაც საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. 2016 წლის ივნისში ინგლისელმა მებრძოლმა ლუკ როკჰოლდი დაამარცხა და საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ბისპინგის მომდევნო მეტოქე 46 წლის დენ ჰენდერსონი იყო — მაშინ, როდესაც კონტენდერებს შორის რობერტ უიტეკერი და იოელ რომერო იყვნენ.
„სხვათა შორის, ბისპინგმა თავი აარიდა რომეროსა და უიტეკერს,“ — დაწერა სოციალური ქსელის ერთმა მომხმარებელმა. „ბისპინგის სიტყვები სწორი იქნებოდა, იოელ რომეროსთან რომ ეჩხუბა,“ — აღნიშნა მეორემ. „ბისპინგმა იგივე გააკეთა — რომეროს თავი აარიდა და დენ ჰენდერსონს ეჩხუბა, შემდეგ კი სენ-პიერს, რომელმაც საშუალო წონაში პირველად იასპარეზა,“ — დაწერა მესამემ. „ზუსტად ისე, როგორც ბისპინგმა აარიდა თავი უიტეკერს და 50 წლის ჰენდერსონს ეჩხუბა?“ — განაცხადა სოციალური ქსელის კიდევ ერთმა მომხმარებელმა.
ცნობისთვის, ბისპინგის თქმით, არმან ცარუკიანი ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის სერიოზული საფრთხეა და ილია მას უნდა ეჩხუბოს. ინგლისელი ფიქრობს, რომ როდესაც ჩემპიონი ხარ, ქამრის მთავარ პრეტენდენტთან უნდა იბრძოლო და ყველაფერი ასე მარტივადაა.