ჩემპიონობა და ორი დაცვა - მახაჩევის გეგმები
UFC-ის ყველა წონითი დივიზიონის რეიტინგის ლიდერი ისლამ მახაჩევი ახალი გამოწვევებისთვის ემზადება. 33 წლის დაღესტნელმა მებრძოლმა მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტული ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში აინაცვლა, სადაც სულ მალე ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება, რომელმაც საჩემპიონო ქამარი ისლამის ახლო მეგობრის, ბელალ მუჰამადის დამარცხების შედეგად მოიპოვა. რა გეგმები აქვს მახაჩევს ქვესაშუალო წონაში, ამასთან დაკავშირებით მისმა მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ისლამ მახაჩევი შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ამჟამად ყველაზე დომინანტი მებრძოლია. როგორია ჩვენი გეგმები? ისლამმა მადალენა უნდა დაამარცხოს და ქვესაშუალო წონაში საჩემპიონო ტიტული ორჯერ დაიცვას, რაც მას ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად აქცევს. მახაჩევს დიდი ხანია ვიცნობ და გარდა იმისა, თუ რა დონესაც აჩვენებს ოქტაგონში, მისი მთავარი პლუსი თავდაჯერება და საკუთარი ძალების რწმენაა. ისლამი თითოეული ბრძოლის წინ ნაკლებს საუბრობს და უფრო მეტს ბრძოლის დროს აკეთებს“.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქ წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით მოიპოვა, რის შემდეგაც ტიტული ოთხჯერ დაიცვა - ორჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან, თითოჯერ კი დასტინ პორიესთან და რენატო მოიკანოსთან შეხვედრებში.