ასფალტის მოედნებიდან, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე - ხვიჩას მშობლები ბავშვობასა და რთულ პერიოდებზე
New York Times-ის სპორტულ პლატფორმა The Athletic-ზე საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია ქვეყნდება, რომელიც თავიდან-ბოლომდე ხვიჩას ბავშვობას მიეძღვნა.
სტატიის ავტორი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა, სადაც 24 წლის ფეხბურთელის მშობლებს ბადრი კვარაცხელიასა და მაკა ლუკავას, ასევე თბილისის „დინამოს“ აკადემიის წარმომადგენლებსა და ხვიჩას პირველ მწვრთნელებს შეხვდა, მის ბავშვობასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები მოაგროვა და შემდეგ სტატიაში გამოაქვეყნა.
თავდაპირველად, ბადრი კვარაცხელიამ ხვიჩას აღზრდის მეთოდები გაიხსენა:
„ის სამეგრელოში გაიზარდა, მეგრელი ხალხი კი ჭკვიანი და შემოქმედებითი ხალხია. ჩვენ მთის შვილები ვართ და ასე ვიქცევით - თუ ხელს ჩამოგართმევთ, იქ ყველაფერი დასრულებულია, ხელმოწერა საჭირო აღარაა. სწორედ ასე უნდა გაუგოთ ხვიჩასაც - ის ამ კულტურით გაიზარდა“, - იხსენებს ბადრი კვარაცხელია.
როდესაც ხვიჩა კვარაცხელია 18 წლის იყო, ბადრი კვარაცხელიას გულზე სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, ოჯახს კი საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. ამ დროს, ხვიჩა პროფესიონალურ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა და რუსეთის ჩემპიონატში გადასვლის შანსი გამოუჩნდა, თუმცა გადასვლა არ უნდოდა. იმის გამო, რომ ოჯახს ოპერაციისთვის შესაბამისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა, იძულებული გახდა „ლოკომოტივის“ შეთავაზება მიეღო, რუსეთში გადასვლის შემდეგ კი პირველივე ხელფასი მთლიანად მამას მისცა, რითაც ბადრიმ ოპერაცია გაიკეთა - „მას კითხვაც კი არ დაუსვამს. მთელი თავისი პირველი ხელფასი მე მომცა“.
ამის შემდეგ ჟურნალისტი კითხვით უკვე მაკა ლუკავასთან გადადის, რომელიც ხვიჩასა და მისი უფროსი ძმის, ნიკა კვარაცხელიას ურთიერთობას იხსენებს:
„ჩვენი პირველი ვაჟი ხვიჩაზე ხუთი წლით უფროსია. ხვიჩას მუდმივად უფროს ძმასთან სურდა ყოფნა. როდესაც 5 წლის გახდა, შევამჩნიეთ, როგორ მისდევდა ხოლმე. ხვიჩა ძალიან სწრაფად მირბოდა და შემდეგ 90 წუთით შეეძლო შემობრუნება ისე, რომ სისწრაფეს არ კარგავდა“.
ამის შემდეგ ბადრი ერთვება და ამბობს, რომ ბავშვობაში ხვიჩა ძიუდოზეც დადიოდა - „ერთხელ ხვიჩას კიმონოც აჩუქეს და ძალები ძიუდოშიც მოსინჯა. ეს ისეთი სწრაფი სპორტია, თუ წამითაც კი დააყოვნებ, მაშინვე დაგაგდებენ. მწვრთნელმა მაშინვე შენიშნა რეფლექსები და მასში მომავალი სპორტსმენი ამოიცნო“.
შემდეგ კვლავ მაკამ გააგრძელა - „როდესაც სიარულს იწყებდა, ფაქტობრივად, ბურთთან ერთად დადიოდა. დაძინების დროს ბურთთან ერთად იძინებდა. ჩვენს სამეზობლოში ბევრი პატარა ბეტონის მოედანი იყო. საღამოობით, მე და ბადრი ყოველთვის დიდი ხნის განმავლობაში, ყველა მოედანზე ვეძებდით და საბოლოოდ, რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით ვპოულობდით. პატარაობაშიც კი, როდესაც თამაშობდა, ამას არასდროს აკეთებდა გასართობად. როდესაც ბურთს კარგავდა, ყოველთვის უკან, კარის დასაცავად და მეკარის დასახმარებლად გარბოდა. სწორედ ამის გამო ვიცოდი, რომ როდესაც „ნაპოლიში“ გადავიდა, თავის მოვალეობებს თავს გაართმევდა“.
„ეს მოედნები პატარა იყო, 6 ან 7 მოთამაშე ეტეოდა“ - დაამატა ბადრიმ და განაგრძო: „ამის გამო, მანევრირება ძალიან რთულია, ძირითადად სულ დრიბლინგი გიწევს. ამასთან, თუ ასფალტზე თამაშობ, ყოველთვის უნდა იზრუნო საკუთარ თავზე, რადგან თუ დაეცემი, მუდმივად ტრავმას იღებ“.
სტატიის ავტორი „დინამოს“ აკადემიაშიც იმყოფებოდა, სადაც თბილისური კლუბის მთავარ სკაუტს, თემურ უგრეხელიძეს, აკადემიის დირექტორს და „დინამოში“ ხვიჩას ერთ-ერთ პირველ მწვრთნელს ლადო კაკაშვილს შეხვდა. თავდაპირველად, ხვიჩას შესახებ თემურ უგრეხელიძე საუბრობს.
„ის საკმაოდ გაბედული იყო, ეს თვისება მას ყოველთვის გამოარჩევდა. როდესაც დრიბლინგს აკეთებდა, ყოველთვის წინ მიდიოდა. ამ დრომდე ბევრი ფეხბურთელია, რომელიც ერთხელ შეეცდება ამის გაკეთებას, ბურთს დაკარგავს, შემდეგ კი იგივეს გაკეთებას მოერიდება. მაგრამ ხვიჩას ხუთჯერაც რომ დაეკარგა ბურთი, თავის ფეხბურთელს მაინც აიყვანდა და კიდევ წინ წავიდოდა“, - ამბობს უგრეხელიძე.
ამის შემდეგ კვლავ მაკა ლუკავას კომენტარი გვხვდება, სადაც ევროპის ჩემპიონატზე თავისი შვილისა და კრიშტიანუ რონალდუს შეხვედრას იხსენებს.
„ხვიჩამ რონალდუს უთხრა - „ბოდიში, რომ დაგამარცხეთ“. მას სურდა შეემოწმებინა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. მათ შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა. რონალდუმ კი უპასუხა - „წარმატებებს გისურვებ და გგულშემატკივრობ“. მოგვიანებით, რონალდუ საქართველოს ნაკრების გასახდელთან მივიდა, რათა ხვიჩასთვის მაისური მიეცა“.
აკადემიის დირექტორი, ლევან გვანცელაძე იხსენებს, რომ ახალგაზრდულ ასაკში, ხვიჩა გუნდში ყველაზე ძლიერი მოთამაშე არ ყოფილა - „იმ პერიოდში კვარა ჩვენი ყველაზე ძლიერი მოთამაშე არ ყოფილა, ზურიკო დავითაშვილი გაცილებით უკეთესი იყო. კვარას ეს უნარები, რაც დღეს აქვს, ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ გამხდარი და ფიზიკურად გასაზრდელი იყო, ამის გამო ხანდახან უჭირდა“.
„ერთხელ, ერთი წლით უფროსების წინააღმდეგ ვათამაშეთ - 2001 წელს დაბადებულმა ფეხბურთელებმა 2000-ანების წინააღმდეგ ითამაშეს და ხვიჩას გაუჭირდა. ის მხოლოდ თავისი თანატოლების წინააღმდეგ თამაშობდა“.
„კიდევ ერთი რამ, რაც მას რეალურად ეხმარება, არის ის, რომ მაშინ საქართველოში ყველაზე ძლიერი გუნდი ვიყავით. ამის გამო მეტოქეები სიღრმიდან გვეთამაშებოდნენ და ბოლო მესამედში სივრცეები ძალიან მცირე რაოდენობით ჩნდებოდა. ამიტომ გიწევდა, რომ მომენტი შენი კრეატიულობითა და აგრესიულობით შეგექმნა, გამოგეყენებინა ერთი-ერთზე თამაში უნარები და დრიბლინგები... - ეს დღეს პსჟ-ში თამაშზეც აისახება“.
ბადრი კვარაცხელია იხსენებს - „ერთხელ, ბავშვობაში იყო შემთხვევა, როცა სიცხე ჰქონდა, ძალიან ცუდი ვირუსი. ერთი თვის განმავლობაში ვერ ვარჯიშობდა, 14 წლის ბავშვისთვის კი ეს საშინელებაა. როდესაც გამოკეთდა, ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან - „საბურთალოსთან“ თამაში დაემთხვა და ის დაჟინებით ითხოვდა სათადარიგოთა სკამზე დამსვითო. პირველი ტაიმის ბოლოს „დინამოს“ მეკარე გააძევეს. მეორე ტაიმში მინდორზე ხვიჩა შევიდა და... – 3:0 „დინამოს“ სასარგებლოდ და სამივე გოლი ხვიჩამ გაიტანა“.
როდესაც ხვიჩა მოზარდის ასაკში გადავიდა, მის ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა. ამის გამო, საჭირო გახდა, რომ ბადრი სამუშაოდ აზერბაიჯანში წასულიყო, მაკა კი დროებით წალენჯიხაში დაბრუნდა. მაკა ლუკავა იხსენებს, რომ როდესაც ტურნირები ახლოვდებოდა, ის ხვიჩას მცირე თანხას აძლევდა - „მაგრამ არასდროს ხარჯავდა. ინახავდა, სახლში ბრუნდებოდა და თავის ძმებთან და მეგობრებთან ერთად ხარჯავდა. სხვა, შედარებით გაჭირვებაში მცხოვრები მეგობრები მაკდონალდსში საჭმელად მიჰყავდა, ყოველთვის სხვას უზიარებდა“.
ამის შემდეგ კვლავ ბადრი კვარაცხელიას კომენტარი გვხვდება, სადაც ის „ნაპოლიში“ გატარებულ პერიოდზე საუბრობს.
„იცოდით, რომ ნეაპოლი საქართველოს ჰგავს? ორივე ემოციური ხალხი ვართ, ძალიან ემოციური და ფეხბურთი ძალიან გვიყვარს. ეს ცხოვრების ნაწილი არ არის - ეს ჩვენი ცხოვრებაა“.
„როდესაც ხვიჩა ბათუმის „დინამოს“ ტოვებდა, მის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო. მაგრამ როდესაც საქმეში „ნაპოლი“ ჩაერთო, მას ვუთხარი - „ნუ იდარდებ ბონუსებზე, ნუ იფიქრებ ხელფასზე, შენ იქ ითამაშებ, სადაც მარადონა თამაშობდა, იმავე სტადიონზე, იმავე გასახდელში იქნები... უბრალოდ კონტრაქტი გააფორმე, მიდი!“
ერთხელ, 2022 წლის სექტემბერში, ლივერპულთან თამაშის შემდეგ, ბადრიმ შვილს ვირჯილ ვან დაიკის მაისური სთხოვა.
„თამაშის შემდეგ მოვიდა და მითხრა, რომ მაისურის თხოვნა რცხვენოდა“, - იხსენებს ბადრი: „მხოლოდ მაშინ, როდესაც ლივერპულთან გასვლითი მატჩი ითამაშეს, ვირჯილმა თავად დაუძახა და ჰკითხა, შეეძლოთ თუ არა მაისურების გაცვლა“.
მაკა ლუკავა ამბობს, რომ ხვიჩა მშობლებთან ზეწოლის შესახებ არ საუბრობს:
„ის ჩვენთან ზეწოლაზე საერთოდ არ საუბრობს, არ უნდა, რომ ვინერვიულოთ. ბადრიმ ორი ოპერაცია გადაიტანა და ხვიჩამ იცის, რომ ის ემოციური ადამიანია. ამიტომ, თუ მასთან ზეწოლაზე ისაუბრებს, იცის, რომ ინერვიულებს“.
ხვიჩას დედა ასევე ამბობს, რომ როდესაც პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, მის შვილს ეს მოვლენა საკმარისად არ უზეიმია, ამის მიზეზი კი ეს იყო - „მინდოდა, რომ უფრო მეტად ეზეიმა, ამიტომ ვკითხე, თუ რატომ არ იზეიმა ისე, როგორც თანაგუნდელებმა იზეიმეს, მან კი მიპასუხა: „დედა, ჯერ არაფერია საზეიმო, ფინალი გვაქვს სათამაშო“.
ამის შემდეგ ბადრი კვარაცხელიამ ხვიჩას უმცროსი ძმის, თორნიკეს შესახებაც ისაუბრა და ის უფროს ძმას შეადარა: „ხვიჩა უფრო სწრაფი იყო, თორნიკე უფრო მეტს ფიქრობს და გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა მეტი დრო სჭირდება“.
„ის ასევე გამხდარია და ფიზიკურად განვითარება სჭირდება“ - დაამატა თემურ უგრეხელიძემ. „მაგრამ ხასიათი იგივეა. ცოტა ხნის წინ ტურნირის ფინალი წავაგეთ და ის ჩემს მკლავებში ტიროდა. ზუსტად იგივე იყო მის ძმასთან მიმართებითაც 8 წლის წინ“.
„დინამოს“ აკადემიის მწვრთნელი, ლადო კაკაშვილი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, ხვიჩამ მას ერთი პირობა მისცა - „პირობა მომცა, რომ თუ ფინალში გაიმარჯვებს, თასს აქ, თბილისში ჩამოიტანს. ჩემს კაბინეტში დავსხდებით და ამ თასიდან ქართულ ღვინოს ერთად დავლევთ“.
ახლა ყველას ყურადღება ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ არის მიმართული. 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე პარი სენ-ჟერმენი ფინალში ინტერს დაუპირისპირდება. თუ ამ მატჩს პარიზული გუნდი მოიგებს, ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ექნება მოგებული.