„პარიზული პროექტის სიმბოლო“ | რას წერს L'Equipe-ი კვარაცხელიაზე
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. მისი ავტორი „კვარას“ დაცვით ფუნქციებზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ტექნიკური ელეგანტურობის გარდა, ქართველმა ფეხბურთელმა გამორჩეული სტატუსი უბურთოდ ბრწყინვალედ თამაშის წყალობით დაიმსახურა.
„ხვიჩა კვარაცხელია დიდი ხანი არაა, რაც პარი სენ-ჟერმენში თამაშობს, მაგრამ დასამახსოვრებელი მომენტები უკვე გვაჩუქა. ტექნიკური მოძრაობების, ბურთის კონტროლისა და ცრუმოძრაობების გარდა, შემონახული გვაქვს ფოტოები, რომლებშიც კვარაცხელია ტრიბუნების წინაშე დგას და წარმატებულ ვარდნას ან დაცვაში კარგად თამაშს აღნიშნავს. ფეხბურთის ევროპელი გულშემატკივრები ქართველი მოთამაშის ძალას პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერამდეც იცნობდნენ, მაგრამ მისი დაცვითი უნარების შესახებ ბევრი არაფერი ჰქონდათ გაგებული.
კვარაცხელიამ ლუის ენრიკეს მოლოდინები გაამართლა. არსენალთან დაპირისპირებაში, მან 25 დაცვითი დუელი მოიგო, რაც სხვა შემტევებზე ბევრად უკეთესი მაჩვენებელია. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, კვარაცხელია უბურთოდ როგორ თამაშობს, სამ ფაზაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში, ქართველი გარემარბი ერთ-ერთი პირველია, ვინც პრესინგზე ადის, მეტოქეებს წნეხის ქვეშ აქცევს და მათ შეცდომების დაშვებას აიძულებს. შეტევის დაწყებით ფაზაში, პსჟ-ის გარემარბები ცენტრალურ მცველებს აპრესინგებენ, ხოლო როდესაც პარი სენ-ჟერმენი შედარებით უკანაა დახეული, ხვიჩას შეუძლია, თავისი უშუალო მეურვე აიყვანოს და მას სდიოს.
კვარაცხელია ფლანგის მცველებს რეგულარულად ეხმარება, ხოლო როდესაც პარიზელები ბურთს კარგავენ, ხვიჩა დაცვაში თამაშის მხრივ, ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. ის ყოველთვის სათანადოდ რეაგირებს, რათა მეტოქეებს წინსვლის საშუალება არ მისცეს და ბურთი სწრაფად დაიბრუნოს. სამმაგი ვალცის წყალობით, კვარა გუნდის საკვანძო ფიგურა გახდა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ნაწილია, რომელიც ლუის ენრიკეს აკლდა.
კვარაცხელიას ყოფილი კოლეგები მას „მეომარს“ უწოდებენ და ხვიჩას თანაგუნდელების გამო მსხვერპლის გაღების სურვილი ყოველთვის ჰქონდა. როდესაც გუნდში გყავს ფეხბურთელი, რომელიც თამაშში ამხელა ძალისხმევას დებს, სხვა მოთამაშეები უფრო წარმატებით ასპარეზობენ. ამ მხრივ, ის უკვე პარიზული კლუბის ლიდერია. კვარაცხელია არის თავდაუზოგავად მშრომელი გარემარბი, რომელიც ეგოს გარეშე, ვარსკვლავად იქცა. ის პარიზული პროექტის სიმბოლოა“, - წერს L’Equipe-ი.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი პსჟ-სა და „ინტერს“ შორის 31 მაისს, მიუნხენში საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.