„ინტერი ფავორიტია, თასი იტალიაში უნდა დაბრუნდეს“ - კანავარო
იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა, ფაბიო კანავარომ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თასს სწორედ მისი ყოფილი კლუბი, „ინტერი“ აღმართავს.
„როგორც იტალიელს, იმედი მაქვს, რომ „ინტერი“ თასს იტალიაში დააბრუნებს. ჩემი აზრით, სიმონე ინძაგის გუნდი ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხვდებიან გუნდს, რომელიც არა მხოლოდ ძლიერია შეტევაში, არამედ დაცვაშიც „ბარსელონას“ მსგავსად თამაშობს, ამიტომ ეს მატჩი კიდევ უფრო რთული იქნება.
იმედია, მარკუს ტურამი გაიტანს, რამდენიმე დღის წინ მას შეტყობინებაც გავუგზავნე. „ინტერმა“ თასი იტალიაში უნდა დააბრუნოს და ამაში ტურამის როლიც მნიშვნელოვანი იქნება“.
აქვე გეტყვით, რომ ფაბიო კანავარო, რომელსაც უამრავ სხვა ჯილდოსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი და „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული, „ინტერის“ ღირსებას 2002-2004 წლებში იცავდა.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ინტერი“ ერთმანეთს 31 მაისს, მიუნხენის „ალიანც არენაზე“ დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.