„ცხოვრება შევცვალე, ერთი წელია, არ მომიწევია“ | ომალი მერაბის დანოკაუტებას გეგმავს
მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე, შონ ომალი „მანქანასთან“ ჩხუბისთვის განსაკუთრებულად ემზადება. „შუგამ“ ინტერვიუ კევინ აიოლის მისცა და განაცხადა, რომ ერთი წელიწადია, ცხოვრების ჯანსაღ სტილს მისდევს.
„ბევრი რამ არაა, რასაც ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლია, მაგრამ სოციალური ქსელების დატოვება, ერთ-ერთი მათგანია. ჩემი გუნდი ინსტაგრამს, იუთუბსა და ტვიტერს მართავს, მაგრამ პირადად მე, ყოველდღიურად, არაფერში ვარ ჩართული და ჩემი ცხოვრება დადებითად შეიცვალა.
ეს ყველაფერი იმიტომ არ გამიკეთებია, რომ მერაბი დავამარცხო, ყველაფერი საკუთარი კეთილგანწყობისთვის გავაკეთე. შფოთი ყველას აწუხებს, მაგრამ როდესაც მობილურ ტელეფონზე არ ხარ მიჯაჭვული და მას ყოველ წამს არ ამოწმებ, ბევრი რამ იცვლება.
სიმართლე გითხრათ, 2025 წელს, მარიხუანა არც ერთხელ მომიწევია. სამუდამოდ არ გადამიგდია, მაგრამ სოციალური ქსელებისა და მარიხუანას კომბინაცია შფოთს მიძლიერებდა. მერაბს რაც შეეხება, ვიცი, რომ მისი დამარცხება შემიძლია. დარწმუნებული ვარ, რომ დვალიშვილს დავანოკაუტებ და გავთიშავ“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ჩხუბი 7 ივნისს (თბილისის დროით 8 ივნისს) გაიმართება და UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება.