ვის შეუძლია ფინალის ბედის გადაწყვეტა | კვარა CBS Sports-ის ტოპ 5-ში
CBS Sports-მა ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ შეხვდება, სტატია მიუძღვნა. ცნობილმა გამოცემამ დაასახელა 5 ფეხბურთელი, რომლებსაც ფინალის ბედის გადაწყვეტა და თამაშის სცენარზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ტოპ 5-ში ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
„თუ ვინმეს შეუძლია, უსმან დემბელეს სცენა წაართვას, ესაა ბიჭი, რომელიც მისგან მარცხნივ თამაშობს. ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც მეტოქე გუნდების დაცვის ხაზის გაჭრა მარტოს შეუძლია. ის მცველებს შორის ისე გადაადგილდება, მოწინააღმდეგეები ტაქტიკურ და სწორ ჯარიმებს კი არ იღებენ, წესებს გაღიზიანების გამო არღვევენ. მათ უბრალოდ სურთ, მინდორზე დააგდონ ფეხბურთელი, რომელიც ბოლო ოცი წუთია, ამცირებს.
არსენალის წარმომადგენელმა, იურიენ ტიმბერმა, ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში, სწორედ ეს გამოიარა. მიმდინარე სეზონში, მეთოფეების მარჯვენა მცველი, ინდივიდუალური მეურვეობისა და ერთი-ერთზე დაცვის მხრივ, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, როდესაც პსჟ ლონდონში ჩავიდა, ბრედლი ბარკოლა უბრალოდ გააქრო.
ნახევარფინალში ყველაფერი სხვანაირად იყო. პირველი შეხვედრის საწყისი 20 წუთის განმავლობაში, მისი მაქსიმუმი კვარაცხელიაზე ჯარიმების აღება გახლდათ. მეორე მხრივ, როდესაც ასტონ ვილასთან გამართულ დაპირისპირებას და ხვიჩას გოლს იხსენებ, ხვდები, რომ hack-a-Khvicha (Hack-a-Shaq-ის საფეხბურთო ანალოგი, რომელიც CBS Sports-მა ხვიჩას მოარგო. Hack-a-Shaq დაცვითი სტრატეგიაა, რომელიც თავდაპირველად, შაკილ ონილის წინააღმდეგ გამოიყენეს და ონილზე განზრახ ჯარიმდებოდნენ. შაკი ჯარიმებს ცუდად ისროდა და მის განეიტრალებას ასე ცდილობდნენ) ცუდი გეგმა ნამდვილად არაა“, - წერს CBS Sports-ი
გეტყვით იმასაც, რომ CBS Sports-ის მიხედვით, ფინალის ბედის გადაწყვეტა ყველაზე მეტად უსმან დემბელეს შეუძლია, შემდეგ მოდის „კვარა“, ქართველ ფეხბურთელს კი ლაუტარო მარტინესი, იან ზომერი და აშრაფ ჰაკიმი მოჰყვებიან.