„მათ ვერავინ შეედრება“ - ნადალი თანამედროვე ჩოგბურთის ლიდერებზე
კარიერის დასრულების შემდეგ რაფაელ ნადალი სხვადასხვა სპორტული მედიის წარმომადგენლებთან ხშირი საუბრით არ გამოირჩევა, თუმცა როდესაც ჟურნალისტებთან შეხვედრა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე უწევს, მათი შეკითხვებისთვის თავის არიდებას ვეღარ ახერხებს. ამჯერადაც ასე მოხდა და როლან გაროსის დაწყების წინ, რომლის ყველა დროის რეკორდსმენიც სწორედ ლეგენდარული ესპანელია, მას თანამედროვე ჩოგბურთის ლიდერებზე ჰკითხეს და ნადალისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„მას შემდეგ რაც კარიერა დავასრულე, ჩოგბურთში ბევრი არაფერი შეცვლილა. ამჟამად არის ორი ლიდერი, რომლებიც სხვებისგან გამოირჩევიან - კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი. დანარჩენი მოთამაშეები, მაგალითად ისეთები, როგორიც ჯეკ დრეიპერია, ფორმირების პროცესში არიან. მასთან ერთად შეიძლება ჰოლგერ რუნიეს ხსენებაც, რომელმაც ბარსელონაში გაიმარჯვა, კასპერ რუუდი კი მადრიდში არაჩვეულებრივად გამოვიდა. მომეწონა იაკუბ მენშიკის პერფომანსი მაიამიში და ასევე ინტერესით ვადევნებ თვალყურს ჟოაუ ფონსეკას პროგრესს.
ამჟამად, ჩემი აზრით, ჩოგბურთში გარდამავალი პერიოდი მიმდინარეობს, რომლის დროსაც ორი მოთამაშეა დომინანტი. ასევე არაჩვეულებრივი ჩოგბურთელია ალექსანდრ ზვერევი, თუმცა ის დიდ სლემებზე ისევ უტიტულოდ არის დარჩენილი, რასაც მე მენტალურ პრობლემებს ვუკავშირებ, თორემ მისი კლასის მოთამაშეს აქამდე მსგავსი ტურნირი მოგებული უნდა ჰქონდეს“.
ცნობისათვის, რაფაელ ნადალს კარიერის მანძილზე დიდი მუზარადის 22 ტურნირი აქვს ტრიუმფით დასრულებული. მან 14-ჯერ როლან გაროსი, 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა, ორ-ორჯერ კი ავსტრალიის ღია პირველობა და უიმბლდონი მოიგო.