კონსეისაუმ მილანი დატოვა
სერჟიო კონსეისაუ „მილანიდან“ წავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად იტალიურმა კლუბმა გაავრცელა.
50 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდს 2024 წლის დეკემბერში ჩაუდგა სათავეში და მასთან ერთად, იტალიის სუპერთასი მოიგო.
„კლუბი მადლობას უხდის სერჟიოსა და მის თანამშრომლებს საქმისადმი ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობის დროს გამოავლინეს“, - აღნიშნულია „მილანის“ განცხადებაში.
მედიაში უკვე დაიწერა, რომ იტალიურ გრანდს მასიმილიანო ალეგრი ჩაიბარებს. გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის სპეციალისტი „მილანთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ხელფასი კი სეზონზე 5 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო „მილანს“ 2010-2014 წლებშიც წვრთნიდა, მისი ბოლო სამუშაო ადგილი კი „იუვენტუსი“ იყო.