„ოლივეირა ილიაზე დიდია და უფრო მრავალმხრივი მებრძოლიცაა“ - მატეუშ გამროტი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის პოლონელმა მებრძოლმა, მატეუშ გამროტმა ამავე წონის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა, რომელშიც ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. გამროტის აზრით, გამარჯვების შანსები ორივე მებრძოლს ექნება, თუმცა ფავორიტად პოლონელი „დუ ბრონქსს“ მიიჩნევს.
„თოფურია-ოლივეირა საინტერესო დაპირისპირებაა. გამარჯვების შანსები ორივეს ექნება. ჩარლზი შეიძლება დაეცეს, თუ თოფურიას დარტყმა მოხვდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ოლივეირა ილიასთვის ძალიან დიდია და უფრო მრავალმხრივი მებრძოლიცაა.
ვფიქრობ, ქამარს ოლივეირა მოიპოვებს. დიდწილად ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ფორმაში იქნება ბრაზილიელი. პარტერში ის ილიას ბევრად აჯობებს, მათ შორის ფიზიკური გაბარიტების ხარჯზე. თუ ოლივეირას თეიქდაუნი გამოუვა, ილიას პრობლემები ექნება. თუმცა ილიას მხარეს „პანჩერის“ შანსებია - დგომში მას ჩარლზის დანოკაუტება შეუძლია“.
ცნობისთვის, ოლივეირას კარიერაში 35 გამარჯვება და 10 მარცხი აქვს. „დუ ბრონქსმა“ 21-ჯერ მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთით მოიგო, 10-ჯერ ნოკაუტით, ხოლო 4-ჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მისი 10 წაგებიდან 4 ნოკაუტით იყო, 4 მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთით, 2 მსაჯების გადაწყვეტილებით.
თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც ლას-ვეგასში, თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება. ბუკმეკერები „ელ მატადორს“ გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევენ.