იოკიჩი და ბითაძე ერთ გუნდში? | რას წერს Sports Illustrated-ი
ავტორიტეტული გამოცემა Sports Illustrated-ი გოგა ბითაძეზე წერს და აღნიშნავს, რომ „ორლანდო მეჯიქის“ ქართველი კალათბურთელი შეძენით „დენვერ ნაგეტსი“ უნდა დაინტერესდნენ.
„ოკლაჰომასთან“ მძიმე მარცხის შემდეგ „დენვერში“ იციან, რომ მათ სათადარიგოთა სკამის გაძლიერება სჭირდებათ. პირველ რიგში ეს სუპერვარსკვლავ ნიკოლა იოკიჩის შემცვლელს ეხება. პოტენციური ვარიანტი კი „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრი გოგა ბითაძეა.
25 წლის ბითაძეს გასულ სეზონში მო ვაგნერის ტრავმის გამო მეტი სათამაშო დრო დაეთმო, მან კი ეს შესაძლებლობა გამოიყენა და კარიერაში საუკეთესო მაჩვენებლები დააფიქსირა - საშუალოდ 7.2 ქულა, 6.6 მოხსნა და 1.4 დაფარება.
ბითაძეს „მეჯიქთან“ კონტრაქტი 2 წლით აკავშირებს, რა პერიოდშიც ის 16 მილიონ დოლარს მიიღებს. ქართველი კალათბურთელის პროგრესის პერსპექტივები საკმაოდ რეალურია.
„თუ „დენვერი“ ბითაძის მსგავს სანდო სათადარიგო ცენტრს იპოვის, ამან შესაძლოა შეამციროს გუნდის დამოკიდებულება იოკიჩზე, რომელიც ამ სეზონში საშუალოდ 36.7 წუთს თამაშობს. ასეთ შემთხვევაში სერბი პლეიოფს უფრო დასვენებული შეხვდება. ბითაძეს იშვიათად ეძლევა თავის გამოჩენის შანსები, მაგრამ როცა ის თამაშობს, თითქმის ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურება“, - წერს Bleacher Report-ის ჟურნალისტი ზაკ ბაკლი.
შეგახსენებთ, რომ ბითაძემ რეგულარულ სეზონში 70 შეხვედრა ჩაატარა და გოგას სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 7.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1.4 დაფარება, 0.7 ჩაჭრა. „ორლანდოს“ მთავარი მწვრთნელი, ჯამალ მოზლი ქართველ კალათბურთელს პლეიოფში არ ენდობოდა და „ბოსტონთან“ სათამაშო დრო პრაქტიკულად არ მიუცია.
პრესამ მისი სახელი უკვე არაერთ გუნდს, მათ შორის „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“, „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ და „გოლდენ სტეიტ უორიორსაც“ დაუკავშირა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეიცვლის ქართველი ცენტრი გუნდს თუ მას მომდევნო სეზონში ისევ „მეჯიქის“ მაისურით ვიხილავთ.