“საქართველოს ყოველთვის გულით ვატარებ“ - კვარას ინტერვიუ Sky Sport-თან
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში პარი სენ ჟერმენს 2 ფინალი აქვს სათამაშო. საფრანგეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის.
ხვიჩა კვარაცხელია მოახლოებულ ფინალებთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით Sky Sport-ს ესაუბრა.
კვარაცხელია:
„ინტერთან მატჩი? რა თქმა უნდა, ინტერთან რამდენჯერმე ვითამაშე, მაგრამ პსჟ-ს ამ კუთხით ჩემი დახმარება არ სჭირდება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მატჩებს უყურებენ და ანალიზს უკეთებენ, თუმცა თუ ვინმეს გუნდში ჩემგან რაიმე რჩევა დასჭირდება, აუცილებლად მივცემ. რამდენიმე რჩევის მიცემა შემიძლია. ვიცი, რამდენად ძლიერები არიან ისინი.
აქ მოსასვლელად საკმაოდ დიდი გზა გამოვიარე. რთული მომენტები გადავლახე და ეს კარიერისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოს ყოველთვის გულით ვატარებ. მან ყველაფერი მომცა და დამეხმარა. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მინდა ჩემს ქვეყანას დავეხმარო, რადგან ქართველი ფეხბურთელებისთვის ევროპის წამყვან კლუბებში მოხვედრა რთულია.
როდესაც პსჟ-სთან კონტრაქტი გავაფორმე, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასე სწრაფად გავიდოდი. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ამ შესაძლებლობით. ეს სიზმარს ჰგავს. ნაპოლი? დიახ მე დონარუმა და რუისი მათ თამაშებს ვუყურებთ. მიყვარს ნაპოლი. ვფიქრობ, რომ ისინი სკუდეტოს მოიგებენ და ეს ნეაპოლელი ხალხისთვის ზეიმი იქნება. ისინი ამას იმსახურებენ.“
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი საფრანგეთის თასის ფინალში რეიმსს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 24 მაისით თარიღდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.