“ჩვენთან თამაში რთულია“ - ლუის ენრიკე მოახლოებულ ფინალებზე
მიმდინარე სეზონში პარი სენ ჟერმენს ორი მატჩი დარჩა, ორივე ფინალი. ჯერ საფრანგეთის თასის, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგის.
მოახლოებული მატჩების წინ, ფრანგული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.
ენრიკე:
„მე ორ დარჩენილ მატჩზე ვარ ფოკუსირებული. საფრანგეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ყველაზე კარგი ის არის, რომ მოსამზადებელი არაფერია. აქამდე ჩვენი იდენტობით და ფეხბურთით მოვედით. ახლა ჩვენი მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ. სეზონის მსვლელობასთან ერთად, ხშირად მეკითხებიან, რომელი მატჩია ყველაზე განსაკუთრებული. ფეხბურთელის ან მწვრთნელის კარიერაში იშვიათად ხდება ამ ტიპის მატჩში მონაწილეობა. დიდი ზეწოლაა და უნდა იცოდე, როგორ მართო ის.
ინტერის და ბარსელონას დაპირისპირება? გულშემატკივრებისთვის ორი ძალიან კარგი მატჩი იყო. უფრო მეტი გოლი გავიდა, ვიდრე ველოდი. ინტერი უკან ძალიან ცოტა ხნით იყო და ეს მათ შესაძლებლობებზე მეტყველებს. ისინი კარგები არიან შეტევაში, გადასვლებში, სტანდარტულ სიტუაციებში. იმედი მაქვს, ფინალი ამ ორი მატჩის მსგავსი არ იქნება.
ჩვენ ვიცნობთ ლაუტაროს და მარკუს ტიურამს. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებიც ცენტრში თამაშობენ, მაგრამ ინტერი ამაზე მეტია. მათ შეუძლია შეტევის ზომერიდან დაწყება, კომბინირებული თამაში და დუმფრისის გოლით დასრულება. ინტერისთვის ბურთის წართმევა რთულია. მათ დიდი მწვრთნელი სიმონე ინძაგი ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ჩვენთან თამაშიც რთულია. ამ ყველაფერმა შესაძლოა ბოლო წლების საუკეთესო ფინალი გამოიწვიოს.“
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი საფრანგეთის თასის ფინალში რეიმსს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 24 მაისით თარიღდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.