„ტოპ მეკარე ლივერპულში მიდის“ | Marca-ს სტატია მამარდაშვილზე
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა. „ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ, ქართველი მეკარე „ღამურებს“ დაემშვიდობა და მის წასვლას ცნობილი ესპანური გამოცემა, Marca გამოეხმაურა.
„ფოტოები, რომლებიც გამოვიყენეთ, გიორგი მამარდაშვილის შესახებ დიდ ინფორმაციას გვაწვდის. მარცხენა ფოტო 2021 წლის 13 აგვისტოთი თარიღდება, როდესაც მან ვალენსიაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. გიორგი 21 წლის იყო და ხოსე ბორდალასმა პასუხისმგებლობა დააკისრა. მისი პირველი ნაბიჯი ხეტაფესთან ჩანიშნული ურთულესი შეხვედრა იყო... სილესენისა და ხაუმე დომენეკის ტრავმებმა ბორდალასს გაბედული გადაწყვეტილება მიაღებინა და გამოუცდელ ქართველ მეკარეს ენდო. ეს იყო გამოწვევა და გამოწვევებთან გამკლავება ხომ მამაცი ადამიანების საქმეა...
მეორე ფოტოზე წარმატებული მეკარეა გამოსახული, რომელიც მომდევნო დეკადის განმავლობაში, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. ეს ორი ფოტო 1375-დღიანი ინტერვალითაა გადაღებული. სწორედ ეს პერიოდი გაატარა მამარდაშვილმა ვალენსიაში და ამდენი დრო დასჭირდა, რათა ტოპ დონის მეკარე გამხდარიყო.
მესტალია იყო სცენა, რომელზეც მან სადებიუტო თამაში გამართა. მან ბრწყინვალედ იასპარეზა და ხეტაფესთან მატჩის ვარსკვლავი იყო. და კვირას, სიმბოლურად, გიორგის ბოლო გამოსვლაც მესტალიაზე ვიხილეთ. ვალენსიასთვის სეზონი დასრულებულია. ღამურებს ევროტურნირების შანსი აღარ აქვთ და არაა გამორიცხული, ბოლო შეხვედრაში ხაუმე დომენეკმა ითამაშოს, მამარდა კი ღამურების ქომაგებს უკვე დაემშვიდობა.
მესტალიაზე, გიორგიმ ლა ლიგის 63 და კოპა დელ რეის 2 შეხვედრა ჩაატარა. იგი ვალენსიაში მივიდა, როგორც სარეზერვო გუნდის მეკარე, მაგრამ გაუმართლა და ტრავმების გამო, ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა. კარგად დაიწყო და შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ იყო მომენტი, როდესაც წნეხთან და პასუხისმგებლობასთან გამკლავება გაუჭირდა. სევილიასთან ნაჩვენები ცუდი თამაშის შემდეგ, მამარდა სათადარიგოთა სკამზე გადაიყვანეს და მისთვის სწავლის დრო დადგა. გიორგის დონის ამაღლებაში ოჩოტორენა დაეხმარა და წლების განმავლობაში, მის პროგრესზე სწორედ ის ზრუნავდა.
მამარდაშვილი გუნდიდან 4-წლიანი გამოცდილებით მიდის. მან ვალენსიას მაისურით 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და არაფერი აქვს საერთო ახალგაზრდა მეკარესთან, რომელიც გუნდში უეცრად გამოჩნდა. მისმა განვითარებამ ვალენსიას 35 მილიონი ევრო მოუტანა და გიორგი ლივერპულში მიდის. გიორგი პრემიერ ლიგაში გადადის“, - წერს Marca.
ცნობისთვის, ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა. გიორგიმ 47 გოლი გაუშვა და კარი მშრალად რვაჯერ შეინახა.