კვარას ტრანსფერმა გააბრაზა | კონტეს ნაპოლიდან წასვლა სურს
ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ დატოვება და „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Tuttosport-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 55 წლის სპეციალისტი კონცენტრირებულია „პარტენოპეისთან“ ერთად სკუდეტოს მოგებაზე, რის შემდეგაც ნეაპოლის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
Tuttosport-ის ცნობით, კონტეს ტურინში დაბრუნება სურს, რაც „ბებერი ქალბატონის“ დირექტორთა საბჭოში უმრავლესობის სურვილს ემთხვევა. კერძოდ, ტურინული კლუბის მენეჯმენტში ფიქრობენ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ იგორ ტუდორმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა უნდა დატოვოს და ამაზე ვერც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იმოქმედებს.
„ახლა კონტე მხოლოდ პარასკევის მატჩზე ფიქრობს, როდესაც „ნაპოლიმ“ „კალიარის“ უნდა უმასპინძლოს. გამარჯვების შემთხვევაში „პარტენოპეი“ მეოთხეს, ხოლო ანტონიო კონტე მეხუთე სკუდეტოს მოიპოვებს. ამის შემდეგ გამოცდილ სპეციალისტს სურს დაბრუნდეს „იუვენტუსში“, რომელთან ერთადაც 2011-2014 წლებში ზედიზედ სამი ჩემპიონობა იზეიმა.
კონტე მიიჩნევს, რომ ნეაპოლში მისი დრო ამოიწურა, ხოლო კლუბიდან წასვლა მას ჩემპიონის რანგში სურს. მასსა და აურელიო დე ლაურენტისს შორის დაძაბული ურთიერთობა განპირობებულია იანვარში სატრანსფერო ბაზარზე კლუბის პასიურობით, როდესაც კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას სახით გუნდის საკვანძო ელემენტი დაკარგა და მისი შემცვლელი ვერ მიიღო. გარდა ამისა, მხარეებს განსხვავებული მიდგომა აქვთ გრძელვადიან გეგმებთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, აურელიო დე ლაურენტისმაც იცის, რომ ზაფხულში ახალი მწვრთნელის მოძიება მოუწევს და მისი შემცვლელი უკვე შერჩეულია - „პარტენოპეის“ კონტესგან მასიმილიანო ალეგრი გადაიბარებს“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, კონტე „ნაპოლიში“ გასული წლის ზაფხულში მივიდა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.