ანტონიო კონტე, სიმონე ინძაგი, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

„კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ, ეს წარმოუდგენლად ჩანდა“ - კაპელომ ნაპოლიზე ისაუბრა

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ La Gazzeta dello Sport-ის ეთერში სერია A-ს საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა და გასული ტურის მატჩი შეაფასა.

კაპელომ ანტონიო კონტეს მიმართ სიმპათიები ვერ დამალა და განაცხადა, რომ კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ ჩემპიონობის შანსის შენარჩუნება „ნაპოლისთვის“ წარმოუდგენლად ჩანდა.

რას ამბობს კაპელო:

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ისეთი გამოცდილი გუნდი, როგორიც „ინტერია“ ჩემპიონატს ასე წააგებდა. ახლა გათამაშების დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი და ვფიქრობ, რომ „ნაპოლიმ“ უკვე შეძლო ჩემპიონობის გაფორმება. იმის მიუხედავად, რომ „პარმასთან“ მათთვის შემაშფოთებელი შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო, ყველაფერი მათთვის სასიკეთოდ დასრულდა, „პარმამ“ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის კედლებში დიდი გუნდებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და რთულ მეტოქედ ითვლება. კონტეს გუნდი მომდევნო ტურში „კალიარის“ უმასპინძლებს, რომელიც მათემატიკურად საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, ინძაგი და მისი გუნდი კი კომოში გაემგზავრებიან. ამ გუნდს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ფეხბურთელები მოინდომებენ, რომ თავისი გულშემატკივრების წინაშე ჩემპიონატი პოზიტიურად დაასრულონ“.

„რამ გამოიწვია ლაციოსთან 2:2? ვფიქრობ, საქმე ფიზიკურ დაცემაში არ არის, რადგან როდესაც 2:2 გახდა, მოედანზე „ინტერის“ ყველა ფეხბურთელი გიჟივით დარბოდა, ეს უფრო ფსიქოლოგიური საკითხია. ალბათ, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის არაცნობიერმა ფიქრმა და ენერგიის დაზოგვამ, ან შესაძლოა ტრავმების შიშმაც გამოიწვია ეს შედეგი. სეზონის დასკვნით ეტაპზე ამის საფრთხე ნამდვილად არის, თანაც მაშინ, როდესაც გუნდს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წინ აქვს, „ნაპოლის“ კი პირიქით, ფიზიკურად დატვირთული კალენდარი არ ჰქონდა. მაგრამ ანტონიო კონტეს კიდევ უფრო მეტი დამსახურება და პატივისცემა ეკუთვნის. მან ის გააკეთა, რასაც სეზონის დასაწყისში ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა. იანვრიდან კი მას კიდევ უფრო დიდი დამსახურება მიუძღვის. გუნდმა თავისი ყველაზე ელეგანტური მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში გაყიდვით დაკარგა და ამის ფონზე, „ნაპოლის“ ახლანდელი შედეგი წარმოუდგენლად ჩანდა“.

სერია A-ს დასრულებამდე 1 ტურით ადრე „ნაპოლის“ 79 ქულა აქვს და „ინტერს“ 1 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში, რომელიც 25 მაისს გაიმართება, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „კალიარის“ მიიღებს, „ინტერი“ კი სტუმრად „კომოს“ დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა ერთდროულად, ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიგიჟე იტალიაში - ინტერმა ოქროს შანსი ვერ გამოიყენა, ნაპოლიმ ბეწვის ხიდზე გაიარა
სიგიჟე იტალიაში - ინტერმა ოქროს შანსი ვერ გამოიყენა, ნაპოლიმ ბეწვის ხიდზე გაიარა