ნერვებზე ვიყავი და რობსონს ტელეფონი ვესროლე | ქეცბაიამ ინგლისური ამბები გაიხსენა
CrystalSport-ის პროექტ „მეფესავით პოდკასტში'' თემურ ქეცბაიამ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერის გამორჩეული მომენტები გაიხსენა. გთავაზობთ რამდენიმე მონაკვეთს პრემიერლიგური ამბებიდან. ასევე, იხილეთ ძალიან საინტერესო პოდკასტის სრული ვერსია.
ქეცბაია „ბოლტონთან'' გოლზე: „ეს გოლი ბოლომდე არასდროს მინახავს. რაღაცნაირად მერიდება ხოლმე... ისეთი გულდაწყვეტილი ვიყავი... მთელი ცხოვრება იმაზე ვოცენობობდი, რომ ასეთ დიდ დონეზე მეთამაშა. წარმოიდგინე აქ რომ მოხვედები და თამაშს სკამიდან უნდა უყურო. არადა ვგრძნობდი, რომ ვიმსახურებდი.
ნაკრებიდან კლუბში ჩავედი. მწვრთნელმა მითხრა დაისვენეო, მაგრამ დიდი დრო გავიდა და არ მათამაშებს, მცირე სათამაშო დროს მაძლევს. ყელში მქონდა ამოსული. ემოციებმა ერთიანად იფეთქა.
„ბოლტონის’’ შემდეგ თამაში „ლივერპულთან’’ გვქონდა. ბოდიში მოვიხადე, ასეთი რამ არ უნდა გამეკეთებინათქო. მწვრთნელმა კენი დალგლიშმა არაუშავსო, თამაშისთვის მოემზადეო და 10 წუთი მათამაშა’’.
2022 წელს „ნიუკასლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სტივ ჰოუიმ თემურ ქეცბაიასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა, როცა გუნდი „ფეინთბოლის'' სათამაშოდ წავიდა.
სტივ ჰოუი: „ორ გუნდად გავიყავით და ჩემი გუნდი თემურის გუნდის წინააღმდეგ იყო. ბიჭები იმალებოდნენ და თამაში ისე მორჩა, ქეცბას პოვნა ვერ მოვახერხეთ. იგი კამუფლაჟის ექსპერტი აღმოჩნდა და ხეებზე იმალებოდა. მოკლედ, თამაში დასრულებული იყო, უკან ვბრუნდებოდით და ამ დროს, ქეცბაია ჟან-კლოდ ვან დამივით გადმოხტა და დაიყვირა: „მოკვდით, თქვე ინგლისელო ღორებო!“ თემურს ვუთხარით, რომ თამაში დასრულებული იყო, მაგრამ ის არ ჩერდებოდა: „დასრულებული არაფერია! გულიტი სადაა? გულიტი სადაა?" მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა".
თემურ ქეცბაიამ „მეფესავით პოდკასტში’’ ეს ამბავი გაიხსენა: „მოკვდით ინგლისელებო შეიძლება ვთქვი, მაგრამ ღორები ნამდვილად არ მითქვამს’’. ეს ალბათ ვიღაცამ დაამატა. გულიტს ვეძებდი. გულიტი ახალი მოსული იყო. დასვენების დღე გვქონდა, გულიტმა ფეინთბოლის სათამაშოდ წაგვიყვანა. ყველაზე კარგი მოთამაშე მე ვიყავი, ამდენი გაჭირვება გამოვლილი მქონდა...’’
ქეცბაია ბობი რობსონთან კონფლიქტზე: „როცა რობსონი გუნდში მოვიდა, ტრავმირებული ვიყავი და მითხრა, რომ ვჭირდებოდი. გუნდი აშშ-ში მიდიოდა. გამიხარდა, ამერიკაში არასდროს ვყოფილვარ, წავალ, ვნახავთქო. ვუყურებ 25-კაციან განაცხადს და სიაში არ ვარ.
როცა ამერიკიდან დაბრუნდნენ, ვხედავ რომ რობსონი ყურადღებას არ მაქცევს, მის გეგმებში არ ვარ.
რობსონს ვუთხარი, რომ არ ვითამაშებ და აქ დარჩენას რა აზრი აქვსთქო. ცხონებულმა შეურაცხყოფა მომაყენა. ისედაც ნერვებზე ვიყავი და ტელეფონი ვესროლე. კიდევ კაი არ მოხვდა. შირერი და სხვები ჩამოვიდნენ, რა ხდება, რა ამბავიაო. ზოგი ნამსხვრევებს აგროვებდა, ერთი მე მამშვიდებდა, მეორე - რობსონს.
მეორე დღეს მანქანაში ჩავჯექი, ნიუკასლიდან წავედი და „ვულვერჰემპტონთან’’ კონტრაქტი გავაფორმე’’.
თემურ ქეცბაია „ნიუკასლში'' 1997-2000 წლებში თამაშობდა, 78 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა. 1997-98 წლების სეზონში ქეცბაიას გამარჯვების გოლით „კაჭკაჭები'' ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ, როცა ხორვატულ „კროაციას'' დამატებით დროში მოუგეს. ამ გოლით ქეცბაია „ნიუკასლის'' ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.