საქართველოს ნაკრებში (U21) თამაშით ამაყია | იეგოიანი სომხეთის ვარიანტს არ განიხილავს
სომეხი ჟურნალისტის, სურენ მელიკსეტიანის ინფორმაციით სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას სურდა, რომ ირაკლი იეგოიანს მათ ნაკრებში ეთამაშა, თუმცა ფეხბურთელისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.
CrystalSport-ის ცნობით, ირაკლი იეგოიანია სომხეთის ნაკრებში თამაშის ვარიანტს არ განიხილავს, მხოლოდ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებზეა კონცენტრირებული და ევროპის ჩემპიონატს მოუთმენლად ელის. საქართველოს ნაკრებში თამაშით ამაყობს და ყოველ სანაკრებო შეკრებას დიდი მოტივაციით ხვდება.
ირაკლის საქართველოსადმი დიდი სიყვარული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მხოლოდ 5-წლამდე ცხოვრობდა, საქართველოს ნაკრებში გამოძახებამდე ოჯახის დახმარებით მინიმალურ დონეზე ქართულ ენაზე საუბრობდა, ქართული ენა არ დაივიწყა, ბოლო პერიოდში კი, რაც რამაზ სვანაძე 21-წლამდე ნაკრებში რეგულარულად იძახებს, ქართულ ენაზე საუბარი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
21 წლის ირაკლ იეგოიანი ამსტერდამის „აიაქსისა’’ და ენსხედეს „ტვენტეს’’ აღზრდილია. 2024 წლის ზაფხულში კარიერა ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგის არნემის „ვიტესს’’ დაუკავშირა და პროფესიულ დონეზე პირველი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა. ნიდერლანდების ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით 37 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა (14 საგოლე მოქმედება). აღსანიშნავია რომ ირაკლი „ვიტესის'' სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ირაკლი „ვიტესთან’’ ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა წინ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატია და წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა თუ რომელ გუნდში ვიხილავთ შემდეგ სეზონში. ზოგჯერ ფეხბურთელთა მომავალზე მსგავსი დონის ტურნირები დიდ გავლენას ახდენს და არაა გამორიცხული, რომ ირაკლის მომავალზეც იმოქმედოს, რადგან ძალიან კარგ ფორმაშია და მისგან კარგი თამაშის მოლოდინია.
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრები პოლონეთთან (11 ივნისი), საფრანგეთთან (14 ივნისი) და პორტუგალიასთან (17 ივნისი) ითამაშებს.