„კვარა არის ფეხბურთელი რაციონალური ლოგიკის მიღმა“ - იტალიელი ჟურნალისტი
La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ანტონიო ჯორდანო, იტალიაში იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭითა და თამაშით დღემდე აღფრთოვანებულები არიან.
Radio Marte-ს ეთერში ჯორდანომ ხვიჩაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაპოლის“ მხრიდან კვარას გარეშე სკუდეტოს მოგება სასწაული იქნება.
„კვარას მსგავსი ელემენტის გარეშე სკუდეტოს მოგება რაღაც განსაკუთრებული იქნება. ეს არ იქნება ისეთი რამ, რაც ჩვეულებრივ ფაქტად უნდა მივიღოთ და გამორჩეულად არ აღვნიშნოთ. კვარაცხელია არის ფეხბურთელი რაციონალური ლოგიკის მიღმა. ის არაჩვეულებრივი ჩემპიონია და ნაპოლიმ იგი იანვარში გაყიდა.
ეს ტრანსფერი იყო ოპერაცია, რომელმაც ყველა დააზიანა, ვიდრე გაამდიდრა! ჩემი აზრით, ნაპოლის მხრიდან ახლა სკუდეტოს მოგება სასწაული იქნება, მაგრამ თუ ვერ მოიგებენ, მაშინ „კონტრ-სასწაულს“ მივიღებთ“.
- განაცხადა ჯორდანომ.
რამდენიმე დღის წინ, ჯორდანომ აღნიშნა, რომ თუ „ნაპოლი“ სკუდეტოს მოიგებს, კლუბმა ოქროს მედლები კვარასაც უნდა გადასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უსამართლობა იქნება.
„თუ „ნაპოლი“ კიდევ ერთ სკუდეტოს მოიგებს, არასწორი იქნება ისე მოქცევა, თითქოს ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის კვარაცხელიას. მან მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა“.
აქვე გეტყვით, რომ მსგავს სიტუაციებში თავად კლუბი წყვეტს გადასცემს, თუ არა შუა სეზონში გუნდიდან წასულ მოთამაშეს საჩემპიონო მედალს.
ამ სეზონში ხვიჩას უნიკალური შანსი აქვს: მას ერთდროულად სკუდეტოს, ლიგა 1-ისა და ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლების მოპოვება შეუძლია.