კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

სინერის 26-მატჩიანი სერია დასრულებულია - ალკარასის მე-19 ტიტული

იანიკ სინერს დიდი სურვილი ჰქონდა 49-წლიანი პაუზის შემდეგ გამხდარიყო პირველი იტალიელი ჩოგბურთელი, რომელიც რომის მასტერსს მოიგებდა, თუმცა მას ამ ოცნების ასრულებაში ხელი ისევ კარლოს ალკარასმა შეუშალა და ორ სეტში, 7:6, 6:1 დაამარცხა. ისევ ალკარასს ვამბობთ იმიტომ, რომ სინერისთვის ესპანელი უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა და მასთან გამართული 11 მატჩიდან მხოლოდ 4 აქვს მოგებული და 7-ჯერ არის დამარცხებული.

იტალიის დედაქალაქში გამარჯვებით ალკარასმა გარდა იმისა, რომ ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა და სინერს 26-მატჩიანი წაუგებელი სვლა დაუსრულა, ტოპ-ათეულის წარმომადგენლებთან ზედიზედ 24-სეტიანი მოგებათა სერიაც შეუწყვიტა. 22 წლის ესპანელმა კარიერაში რიგით მე-19 ტიტული მოიგო, რითაც სწორედ იანიკს გაუთანაბრდა და მოქმედ ჩოგბურთელებს შორის ტოპ-ხუთეულში შევიდა - მოპოვებული ჯილდოების რაოდენობით მას ახლა მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩი (99), ალექსანდრ ზვერევი (24), მარინ ჩილიჩი (21) და დანილ მედვედევი (20) უსწრებენ.

ალკარასმა რომის მასტერსზე კარიერაში პირველად გაიმარჯვა, რის შემდეგაც მანუელ ორანტესის (1972), ემილიო სანჩესის (1991), ალექს კორეჩას (1997), ხუან კარლოს ფერეროს (2001), ფელიქს მანტილიას (2003), კარლოს მოიასა (2004) და რაფაელ ნადალის (2005, 2006, 2007, 2009, 2010, 2012, 2013, 2018, 2019, 2021) შემდეგ გახდა რიგით მერვე ესპანელი, რომელმაც ამ შეჯიბრებაზე ჩემპიონის თასი დაისაკუთრა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ჩოგბურთელებმა ტრადიციულად რეპლიკები გაცვალეს - კარლოს ალკარასმა აღნიშნა, რომ არ დაიღლება იმის გამეორებით, თუ როგორი შრომისმოყვარე და ნიჭიერი სპორტსმენია იანიკ სინერი და წარმოდგენაც არ სურს იმის, თუ რას განიცდიდა იტალიელი უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, როდესაც დისკვალიფიკაციას იხდიდა. რაც შეეხება იანიკს, მან ალკარასი როლან გაროსის მთავარ ფავორიტად დაასახელა, რადგან თვლის, რომ ამჟამად ესპანელი გრუნტზე საუკეთესო მოთამაშეა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარეი ჯოკოვიჩის მწვრთნელი აღარ იქნება
მარეი ჯოკოვიჩის მწვრთნელი აღარ იქნება