ალექსანდერ ისაკი
Aa
Aa

ალექსანდერ ისაკის საგა | სკანდალური განცხადება და ნიუკასლის პასუხი

„ნიუკასლის“ თავდამსხმელი, ალექსანდერ ისაკი, კლუბს პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) ისაკი გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, თუმცა 25 წლის შვედი დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო და სკანდალური განცხადება გაავრცელა.

„ვამაყობ, რომ კოლეგებმა გამომარჩიეს და პრემიერ ლიგის გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შემიყვანეს. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებსა და ნიუკასლში მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.

დღეს დაჯილდოების ცერემონიაზე არ ვიქნები. გამომდინარე იქიდან, რაც ახლა ხდება, ვთვლი, რომ ცერემონიაზე მისვლა სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა. დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ჩუმად, სანამ სხვები ლაპარაკობდნენ. ჩემმა დუმილმა ხალხს საშუალება მისცა, მომხდარის თავიანთი ვერსია გაეჟღერებინათ. არადა, კარგად იციან, რომ მათი ვერსიები არ ასახავენ იმას, რაც დახურულ კარს მიღმა ითქვა და რაზეც შეთანხმება შედგა.

რეალობა ისაა, რომ პირობები დაიდო და კლუბს დიდი ხანია ჩემი პოზიციის შესახებ ინფორმაცია აქვს. ისე მოქცევა, თითქოს პრობლემები ახლახან გაჩნდა, თავის მოტყუებაა. როდესაც პირობები ირღვევა, ნდობა იკარგება და ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება. ზუსტად ასეთი მდგომარეობაა ახლა ჩემთან და სწორედ ამიტომ, ცვლილებები არა მხოლოდ ჩემს, არამედ ყველას ინტერესში შედის.“

შვედი ფეხბურთელის პოსტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, „ნიუკასლმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „ისაკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით იმედგაცრუებული და აღშფოთებული ვართ. ჩვენი პოზიცია ნათელია: ალექსს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და ნიუკასლის არც ერთ წარმომადგენელს მისთვის გარანტია არ მიუცია, რომ ამ ზაფხულს გუნდს დატოვებდა.

ჩვენი მიზანია, საუკეთესო ფეხბურთელები შევინარჩუნოთ, თუმცა გვესმის, რომ მოთამაშეებსაც აქვთ სურვილები. ვცდილობთ, მათ მაქსიმალურად მოვუსმინოთ და, როგორც ისაკსა და მის წარმომადგენლებს ავუხსენით, გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ნიუკასლის, გუნდისა და გულშემატკივრების ინტერესების გათვალისწინებით ვმოქმედებთ.

ალექსს მკაფიოდ განვუმარტეთ, რომ მოთხოვნები, რათა ის ამ ზაფხულს გავყიდოთ, არ შესრულებულა და ვვარაუდობთ, რომ სიტუაცია არ შეიცვლება. ვამაყობთ ჩვენი საფეხბურთო კლუბითა და მისი ტრადიციებით და ოჯახური ატმოსფეროს შექმნისკენ ვისწრაფვით. ალექსი ჩვენი ოჯახის წევრად რჩება და მისი დაბრუნებით ბედნიერი ვიქნებით.“

ცნობისთვის, შვედი ფეხბურთელი „ნიუკასლის“ დატოვებას და „ლივერპულში“ გადასვლას გეგმავს. მერსისაიდელებმა „კაჭკაჭებს“ წინადადებით მიმართეს, თუმცა კლუბმა 110 მილიონ გირვანქა სტერლინგზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ ისაკმა ბოიკოტი გამოაცხადა და გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელზეა კვარა Sports Illustrated-ის რეიტინგში
საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელზეა კვარა Sports Illustrated-ის რეიტინგში