მეორე ადგილი ბორდოს ჩელენჯერზე - ბასილაშვილი ფინალში დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბორდოს პრესტიჟულ საჩოგბურთო ჩელენჯერზე მეორე ადგილი დაიკავა. ფინალში 33 წლის ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 21 წლის ფრანგი ჯოვანი პერიკარდი გახლდათ, რომელიც გასაგები მიზეზების გამო, ადგილობრივი პუბლიკის მხარდაჭერით სარგებლობდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 36-ე ჩოგანი და თანაც ტურნირის მასპინძელი იყო, ბასილაშვილმა საკმაოდ კარგად ითამაშა და სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში, 3:6, 7:6, 5:7 დამარცხდა. განსაკუთრებით კარგად ნიკამ მეორე სეტში იასპარეზა და სამართლიანობა მოითხოვს აღნიშნოს, რომ მესამეშიც მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ მაინც ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
ცნობისათვის, ფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხი მეტოქე, ესპანელი ალბერტ რამოსი, ფრანგი კუენტინ ჰალისი, ამერიკელი ბრენდონ ნაკაშიმა და ნიდერლანდელი ტალონ გრიკსპური დაამარცხა. ზუსტად ორ დღეში კი ბასილაშვილი როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება, სადაც მისი პირველი მეტოქე ნიდერლანდელი გის ბროუერი იქნება.