სინერის ზედიზედ 26-ე მოგება - დიდი ფინალის მოლოდინი
რომის მასტერსზე ჩოგბურთის გულშემატკივრებმა ისეთი ფინალი მიიღეს, როგორზეც ალბათ ყველა ოცნებობდა - ხვალ, გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, იანიკ სინერი კარლოს ალკარასს დაუპირისპირება და შეეცდება გახდეს პირველი იტალიელი 49-წლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც ამ ტურნირს მოიგებს.
ფინალის საგზური სინერმა ნახევარფინალში ამერიკელი ტომ პოლის დამარცხებით მოახერხა, რომელსაც 1:6, 6:0, 6:3 აჯობა. აპენინელისთვის ცუდი ამბავი მხოლოდ ის იყოს, რომ პოლმა ზედიზედ 19-სეტიანი მოგებათა საკმაოდ სასიამოვნო სერია შეუწყვიტა. თანაც, სტატისტიკოსებმა გამოთვალეს და დაწერეს, რომ სინერს სეტი ისე დაეთმო, რომ მხოლოდ ერთი გეიმი მოეგო, მსგავსი შემთხვევა ბოლოს 2024 წლის ამერიკის ღია პირველობაზე, დანილ მედვედევთან მეოთხედფინალურ სერიაში მოხდა.
 
როგორც უკვე მოგახსენეთ, ფინალში სინერის მოწინააღმდეგე კარლოს ალკარასი იქნება, რომელმაც აღნიშნა, რომ იტალიელისა და პოლის ნახევარფინალურ შეხვედრას ვახშმის დროს ტელეფონში უყურა და აღნიშნა, რომ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მასსა და იანიკს შორის უშეღავათო ბრძოლა შედგება.