მოსალოდნელია გაუგებრობა - ზურიკოს წასვლა აქტუალური თემაა
„სენტ ეტიენის“ საფრანგეთის ლიგა 1-ში დარჩენა გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რის გამოც სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები „მწვანეების“ წამყვანი ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერების შესახებ საკმაოდ ბევრს წერენ. ბუნებრივია, ამ მხრივ ყველაზე აქტუალური გუნდის ქართველი უპირობო ლიდერის, ზურიკო დავითაშვილის წასვლის თემაა, რომელმაც „რეიმსთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისგან თავი მაქსიმალურად შეიკავა, თუმცა სამაგიეროდ, მის სიტუაციასთან დაკავშირებით Transfermarkt-მა დეტალურად დაწერა.
რას წერენ დავითაშვილზე
გასულ ზაფხულს „ბორდოდან“ 6 მილიონ ევროდ დამატებული ზურიკო დავითაშვილის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონია. მსგავსი რაოდენობის თანხის მიღება კი, ლიგა 2-ში დაქვეითებული კლუბისთვის ურიგო ნამდვილად არ იქნება.
თუმცა, არსებობს ბევრი ხელისშემშლელი გარემოება და მოსალოდნელია გაუგებრობაც - ზურიკოს „მწვანეებთან“ ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს და თუ „სენტ ეტიენის“ შეფებმა ფინანსურ სარგებელზე უარი თქვეს და წამყვანი ფიგურის შენარჩუნება გადაწყვიტეს, ხვიჩა კვარაცხელიას უახლოესი მეგობარი ხელსაყრელ სიტუაციაში ნამდვილად არ აღმოჩნდება.
ცნობისათვის, ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. „სენტ ეტიენს“ კი დარჩენილ ორ ტურში სტუმრად „რეიმსთან“ და საკუთარ სტადიონზე „ტულუზასთან“ მოუწევს დაპირისპირება.