რომა, აინტრახტი, სანდერლენდი | მიქაუტაძეს ახალი მსურველები გამოუჩნდა
„რომაში“ გიორგი მიქაუტაძის გადასვლის შანსები გაიზარდა - ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ „მგლების“ ინგლისელი ფორვარდი, ტემი აბრაჰამი კარიერას „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს.
იტალიური მედიის ცნობით, სტამბოლური კლუბი „რომას“ 13 მილიონ ევროს გადაუხდის. რომაელები მიქაუტაძეს წარსულშიც აკვირდებოდნენ, ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დაქვეითებულ „ლიონს“ კი ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს. შესაბამისად, მიქაუტაძე შესაძლოა ჯან პიერო გასპერინის პირველი ტრანსფერი გახდეს.
ამასთანავე, მიქაუტაძის სახელი პრესამ „აინტრახტსაც“ დაუკავშირა. FootMercato-ს ცნობით, გერმანულ კლუბს სურს, ისარგებლოს „ლიონის“ ფინანსური პრობლემებით და უგო ეკიტიკის პოტენციური შემცვლელი მოიყვანოს.
რაც შეეხება „სანდერლენდს“, „შავმა კატებმა“ რეკორდულ თანხად „სტრასბურგიდან“ ჰაბიბ დიარა დაიმატეს, მიქაუტაძე კი შესაძლოა კლუბისთვის ამ სატრანსფერო ფანჯრის მეორე შენაძენი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძის კონტრაქტი „ლიონთან“ 2028 წლამდეა გათვლილი. Transfermarkt-ის მონაცემებით, მიქაუტაძის ღირებულება 22 მილიონი ევროა.