ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლისთვის უნდა დაგვესწრო, ალბათ ძალიან ნანობენ“ - არსენალის სკაუტმა კვარა გაიხსენა

2022 წლის ზაფხულში „ნაპოლიმ“ „დინამო ბათუმიდან“ საფეხბურთო ევროპისთვის მაშინ სრულიად უცნობი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 10 მილიონ ევროდ შეიძინა, რომელმაც სადებიუტო სეზონშივე ნამდვილი ფურორი მოახდინა - „პარტენოპეის“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა, თავად კი სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

2025 წლის იანვარში ხვიჩა „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, სადაც უმალ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ახალ სიმაღლეებს იპყრობს. 24 წლის ქართველი პარიზულ გრანდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დაეხმარა და აპირებს გააკეთოს ის, რაც ლიონელ მესიმ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ნეიმარმა და კილიან მბაპემ ვერ შეძლეს და „სენ-ჟერმენს“ არსებობის ისტორიაში პირველად ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი მოაგებინოს.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე პსჟ-ისთვის ბოლო დაბრკოლება „არსენალი“ იყო, რომელსაც ორი მატჩის ჯამში 3:1 მოუგეს. პარიზულ-ლონდონური დუელის დასრულების შემდეგ კი, ავტორიტეტულ გამოცემა Goal.com-ზე „მეთოფეების“ აღმოსავლეთ ევროპის სკაუტინგის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის, ტომაშ პაშეჩნას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მან აღიარა, რომ 2022 წელს „არსენალი“ კვარაცხელიას დამატებასთან ძალიან ახლოს იყო:

„ზუსტად აღარ მახსოვს რომელ ტურნირზე ვიმყოფებოდი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს შეჯიბრება პოლონეთში ტარდებოდა, სადაც სულ სხვა ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად ვიყავით ჩასულები, თუმცა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ჩვენი ყურადღება ორმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა მიიქცია.

ორივე მათგანი იმდენად მრავალმხრივი და განვითარებული გახლდათ, რომ სხვა სკაუტებთან დიდხანს ვკამათობდი იმის თაობაზე, რომელი უფრო უკეთესი იყო. ამის შემდეგ გადავწყვიტე რუსეთში გამგზავრება, სადაც „რუბინი“ – „დინამო მოსკოვის“ თამაშს დავესწარი. კვარაცხელია ცვლილებაზე შევიდა და მატჩში აშკარად ცუდად ჩაერთო, რადგან მისი ყოველი მცდელობა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოეტყუებინა, წარუმატებლად დასრულდა. მიუხედავად ამისა, ეტყობოდა, რომ საოცრად დიდი პოტენციალი ჰქონდა.

ყოველივე ამის შემდეგ, „არსენალის“ შეფებს ვურჩიე, რომ კვარა დაემატებინათ და მისი ტრანსფერი შესაძლოა 5 მილიონზე მეტი არც დამჯდარიყო. თუმცა, მათი პასუხი ასეთი გახლდათ, რომ 3,5 მილიონი ფუნტი „სან პაულუს“ ვინგერის, მარკუს ალენკარის დასამატებლად ჰქონდათ გამზადებული და სხვა თანხას ვეღარ დახარჯავდნენ. ალბათ ამ გადაწყვეტილებას ახლა ისინი ძალიან ნანობენ, მაგრამ უკვე გვიანია“.

ცნობისათვის, სკაუტის მიერ ნახსენები მარკუს ალენკარი „არსენალმა“ მართლაც დაიმატა, თუმცა მან გაცემული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა და უკანასკნელი წლების განმავლობაში იჯარით ჯერ „ნორვიჩში“, შემდეგ კი „ნანტსა“ და „ფლუმინენსეში“ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მოედანზე სწორად პოზიციონირება ვასწავლეთ“ - რუბინის ექსმწვრთნელმა ხვიჩაზე ილაპარაკა
„მოედანზე სწორად პოზიციონირება ვასწავლეთ“ - რუბინის ექსმწვრთნელმა ხვიჩაზე ილაპარაკა