„მჯერა, რომ წინ რაღაც სასიამოვნო გველის“ - კაშია კვლავ სლოვანში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია ერთი სეზონის განმავლობაში კვლავ ბრატისლავის „სლოვანში“ ითამაშებს.
ამის შესახებ ინფორმაცია სლოვაკურმა კლუბმა ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დაადასტურა. ოფიციალური ცნობებით, გურამ კაშიამ „სლოვანთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
კლუბის ვებ-გვერდზე ქართველი მცველის კომენტარიც ვრცელდება, სადაც ის „სლოვანში“ გატარებულ პერიოდსა და დარჩენის მიზეზებზე საუბრობს.
რას ამბობს კაშია:
„სლოვანში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. აქ დარჩენა მინდოდა და ძალიან მიხარია, რომ ლურჯი მაისურით მეხუთე სეზონს დავიწყებ. აქ ბევრი შესანიშნავი ადამიანი გავიცანი და საოცარი რამ გამოვირე. კლუბთან ერთად შევთანხმდით, რომ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშის მოსვლის შემდეგ, გუნდისთვის გამოცდილი მოთამაშეების ყოფნააც მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ წინ კიდევ რაღაც სასიამოვნო გველოდება და კიდევ ერთ წარმატებულ სეზონს ჩავატარებთ. აქ გატარებულ ოთხ წელიწადში ოთხი ტიტული მოვიგე, ახლა კი კიდევ ერთის დამატება მინდა. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას“.
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ბრატისლავურ გუნდში 2021 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდიდან დღემდე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ყველა ტურნირზე „სლოვანის“ მაისურით 165 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ გასულ სეზონში, 37 წლის მცველმა კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა.