ჭიდაობა, რუსეთი
Aa
Aa

UWW-ის სამარცხვინო გადაწყვეტილება - რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ტურნირებზე დააბრუნეს

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვა. ინფორმაცია ორგანიზაციამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა.

სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ UWW უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ამ დრომდე გმობს და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ამის გამო არ უნდა დაისაჯონ.

საერთაშორისო ტურნირებზე, ყველა სპორტის სახეობაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაბრუნებაზე ინიციატივა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელ საბჭოს ეკუთვნის, რომელიც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გასულ კვირას გააჟღერეს, გადაწყვეტილებები კი საერთაშორისო ფედერაციებმა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ. ერთ-ერთი პირველი ფედერაცია კი, რომელმაც რუს სპორტსმენებს სანქციები მოუხსნა მსოფლიო ჭიდაობის მმართველი ორგანოა.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სპორტსმენები რუსეთისა და ბელარუსის დროშების ქვეშ არ იასპარეზებენ და ისინი ტურნირებზე ნეიტრალური სტატუსით გამოვლენ. პირველი, რომლებსაც აკრძალვის მოხსნა შეეხებათ, 15 და 17-წლამდე მოჭიდავეები იქნებიან.

„ისტორიის მანძილზე სპორტი იყო შესაძლებლობა ადამიანების დაახლოების მიზნით. ჭიდაობას, ისევე როგორც სპორტს აქვს უნიკალური უნარი, გააერთიანოს სხვადასხვა კულტურისა და წარმომავლობის ხალხი. მას აქვს დიდი პოტენციალი, რომ სხვადასხვა თემებს, ქვეყნებსა და რეგიონებს მშვიდობის დამყარებაში დაეხმაროს“, - ამბობს UWW-ის პრეზიდენტი, ნენად ლალოვიჩი.

სანქციების მოხსნის მიუხედავად, UWW-ზე შეიქმნება სპეციალური ბაზა, რომელიც უფროს ასაკობრივ კატეგორიებში ტურნირებზე მონაწილეობის უფლებამოსილებას გააკონტროლებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, შერჩევითი კრიტერიუმების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ასევე, ფედერაციის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ აკრძალვა კვლავ ძალაში რჩება რუსეთიდან და ბელარუსიდან ოფიციალური პირების და სახელმწიფო მოხელეების მიმართ. ამასთან, UWW რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტურნირების გამართვას არ დაუშვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები