იოკიჩის ყველაზე ცუდი მატჩი პლეი ოფში - დენვერმა ოვერტაიმში მოიგო
ნიკოლა იოკიჩმა NBA-ს პლეი ოფის ეტაპზე კარიერის ანტირეკორდი დაამყარა და ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ყოველივე ამას „დენვერისთვის“ ამ წყვილის ფავორიტად შერაცხული „ოკლაჰომას“ კიდევ ერთხელ დამარცხებაში ხელი არ შეუშლია. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ოვერტაიმში კი „ნაგეტსმა“ „თანდერს“ 9-ქულიანი სხვაობით 113:104 მოუგო.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „ოკლაჰომას“ ერთ-ერთი ლიდერი ჯალენ უილიამსი გახდა, რომელმაც 43 წუთში 32 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა. „დენვერის“ მხრიდან კი, 27 ქულით, 4 მოხსნით, 8 ასისტით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ჯამალ მიურეი გამოირჩეოდა. რაც შეეხება ნიკოლა იოკიჩს, პერიმეტრიდან განხორციელებული მისი 10 სროლიდან ზუსტი არც ერთი არ აღმოჩნდა, თხუთმეტიდან რვა ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოები 100-პროცენტიანი (ოთხიდან ოთხი) სიზუსტით ისროლა და 43 წუთში 20 ქულა, 16 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ასეთი ორმაგი დუბლის პირობებში ცოტა რთულია ანტირეკორდზე საუბარი, მაგრამ ფაქტია - სერბს სამქულიანების რეალიზაციაში ასეთი ჩავარდნა პლეი ოფში არასოდეს ჰქონია. MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში იოკიჩის მთავარი კონკურენტის, შეი გილჯეს-ალექსანდერის ანგარიშზე 44 წუთში 18 ქულა, 13 მოხსნა, 7 ასისტი და 2 ჩაჭრა იყო.
„დენვერი“ სერიაში 2:1-ს იგებს და ამ გუნდებს შორის მომდევნო, რიგით მეოთხე დაპირისპირება, სადაც მასპინძელი ისევ „ნაგეტსი“ იქნება, ხვალ, თბილისის დროით, 23:30 წუთზე დაიწყება.