ორი პენალტი აიკიდა - გოგლიჩიძის კოშმარული საღამო ტურინში
სერია A-ს მე-9 ტურში საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.
საბამ შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და 90 წუთი ითამაშა. აქტიური და შესამჩნევი იყო, მაგრამ კარგ მომენტებთან ერთად ბევრი შეცდომაც ჰქონდა. ტურინელთა პირველი გოლის დროს ვლაჰოვიჩი გაექცა სერბმა და პენალტი აკიდა. „იუვეს“ მეორე გოლის დროსაც პოზიცია დაკარგა და საჰაერო ორთაბრძოლაში ვერ ჩაერთო, რასაც გატის გოლი მოჰყვა. ტურინელთა ერთ-ერთი შეტევის დროს თამაშგარეშიც ჩარჩა და საბოლოოდ ერთი-ერთზე გასულ ვლაჰოვიჩს უდინელთა მეკარემ აჯობა.
მატჩის მიწურულს საბამ მეორე პენალტიც აიკიდა. კენან ილდიზს ორთაბრძოლის დროს დასწრებაზე ფეხში ჩაარტყა. ვარმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად სწორედ ილდიზმა აქცია.
გარდა შეცდომებისა საბას კარგი მომენტებიც ჰქონდა და რიგ მომენტებში დამაჯერებელი იყო. შეტევაშიც ჩაერთო და ორჯერ გოლის გატანაც შეეძლო. ერთხელ მეკარემ აუღო, მეორედ დასწრებაზე სიზუსტემ უმტყუნა.
როგორც მოგეხსენებათ, „იუვენტუსს“ ამიერიდან ლუჩანო სპალეტი გაწვრთნის. იტალიელი სპეციალისტი ტურინელებს მე-10 ტურიდან ჩაუდგება სათავეში.
9 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში „იუვენტუსი“ 15 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, „უდინეზე“ კი ჯერჯერობით 12 ქულით მე-9 პოზიციაზეა, მაგრამ ტურის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ უფრო ქვემოთ ჩაიწევს.